ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 13:55

არჩილ მესტვირიშვილი: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე 2016 წლის მეორე ნახევარში დაბრუნდება

კატეგორია: საფინანსო სექტორი
8 პროცენტამდე გაზრდილი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი, - წელს ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი გააორმაგა. წლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 4 პროცენტს შეადგენდა. ეროვნული ბანკი განაკვეთს ეტაპობრივად ზრდიდა.
 
- შევაჯამოთ წელი, რომლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გააორმაგა. რა იყო ამის მიზეზები და ეროვნულმა ბანკმა ფასების სტაბილიურობას რამდენად გაართვა თავი?

- წლის დასაწყისშივე ვამბობდით, რომ ჩვენი პროგნოზით ეტაპობრივად უნდა დაგვეწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. წლის დასაწყისში მონეტარული განაკვეთი გვქონდა 4 პროცენტი და შემდეგ ეტაპობრივად ავწიეთ, 8 პროცენტამდე. როდესაც ჩვენ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას ვიღებთ, ინფლაციის პროგნოზს ვუყურებთ და შესაბამისად, ამ პროგნიოზზე ვახდენთ რეაგირებას. თვითონ ინფლაციაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები არის, როგორც ერთობლივი მოთხოვნა, ასევე ინფლაციის მოლოდინები და მიმდინარე წელს ინფლაციის მოლოდინი იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მიზნობრივი მაჩვენებლიდან ინფლაციის შესაძლო გადახრას იწვევდა, რაზედაც ჩვენ რეაგირებას ვახდენდით. ის, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეროვნული ბანკი, ეს სხვებმა უნდა შეაფასონ. თუმცა, ამ შფასებისთვის ალბათ უნდა გადავხედოთ თუ რა ხდებოდა, რა გარემო პირობები ახდენდა ეროვნული ბანკის ქმედებებზე გავლენას, რა შედეგები გვაქვს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიზნობრივი მაჩვენებელი ინფლაციის ზედა მაჩვენებელს არ ნიშნავს. მიზნობრივი მაჩვენებელი არის ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მისაღწევი მაჩვენებელი და შესაბამისად, ეროვნული ბანკის ქმედებები იქიდან უნდა შფასდეს, რომ თუ ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, ამ დროს ვამკაცრებთ თუ არა პოლიტიკას და თუ ჩვენ ველით, რომ ინფლაცია უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი ჩვენ ვარბილებთ პოლიტიკას თუ არა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ წლის განმავლობაში ძალიან კარგად ვმუშაობდით. ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჩვენ იმავე დღეს პრესრელიზს ვაქვეყნებთ, სადაც მოკლედ ასახულია ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ჩვენ ინფლაციის მიმოხილვას კვარტალში ერთხელ ვაქვეყნებთ, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის პროცესები, რაც მონეტარულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ვისაც მეტი დეტალები აინტერესებს, მოვუწოდებ, რომ ამ დოკუმენტს გადახედოს.

- რას ეყრდნობა ეს პროგნოზი და უნდა ვივარაუდოთ, თუ არა, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან ახლოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩება?

- ინფლაციის მოლოდინები პიკზე აგვისტოში იყო. ჩვენ გამოკითხვებს ვატარებთ, საიდანაც ამ ინფორმაციას ვიღებთ. შემდეგ მან შემცირება დაიწყო და ჩვენი ძირითადი მიზანიც იყო, რომ ინფლაციის მოლოდინები შეგვემცირებინა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით. დღევანდელი მონაცემებით გამკაცრება საკმარისია და მეტი გამკაცრება უახლოეს მომავალში, თუ ახალი შოკები არ იქნება, მოსალოდნელი არ არის. ჩვენ წელიწადში დაახლოებით რვაჯერ ვიკრიბებით და უკვე იმ დროს არსებული მონაცემების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. შემდეგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გვექნება და იმ დროისათვის არსებული მონაცემებით, თუ იქნება ახალი შოკები ერთი, ან მეორე მიმართულებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- წინასწარ თუ შეიძლება განსაზღვრა როდისთვის ველოდებით ინფლაციის დაბრუნებას მიზნობრივ დონემდე?

- ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზს აქვეყნებს. აგვისტოში გამოქვეყნებული ინფლაციის მიმოხილვაში ნაჩვენები იყო, რომ ინფლაცია მომავალი წლის პირველ კვარტალში პიკს მიაღწევდა და შემდეგ შემცირებას დაიწყებდა. ჩვენ მეორე კვარტლიდან უკვე უნდა დავინახოთ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება და წლის მეორე ნახევარში, ჩვენი პროგნოზით მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. ამისათის უკვე არსებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საკმარისია. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პროგნოზიდან რაიმე გადახრა ხდება ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ.

- ამოწურული არის თუ არა საგადასამხდელო ბალანსის მიდმინარე ანგარიშის დეფიციტის გავლენა ეროვნული ვალუტის კურსზე და ამ მხრივ უნდა ველოდოთ, თუ არა ლარზე დამატებით ზეწოლას?

- ქვეყანამ მიმდინარე ანგარიშიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა, ეს შოკი მიმდინარე ანგარიშიდან უნდა გასწორებულიყო. დღევანდელი მონაცემებით ეს შოკი ამოწურულია. შესაბამისად იმ მსხვილი შოკიდან, რომელიც 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იყო, - გავლენა საქართველოს ეკონმომიკასა და გაცვლით კურსზე ამ ეტაპისათვის ამოწურულია. თუ ახალი შოკები არ გამოიკვეთა, ჩვენ კურსზე დამატებით ზეწოლას არ მოველით. შოკი შეიძლება ორი მიმართულების იყოს, პოზიტიური შოკების ალბათობაც ყოველთვის არის.

- როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით?

- ჩვენი და მთავრობის პროგნოზი ერთმანეთს ემთხვევა. ველოდებით, რომ ზრდა დაახლოებით 3 პროცენტის ფარგლებში იქნება და მომავალ წელსაც ჩვენ 3 პროცენტიან ზრდას მოველით. თუმცა, ეროვნული ბანკისათვის უფრო მნიშვნელოვანია ზრდის პოტენციური დონიდან გადახრა. ამ შემთხვევაში ეს გადახრა უარყოფითი გვაქვს. კვლავ არის პოტენციურ დონესთან მისვლის შესაძლებლობა, ანუ 2017-ში და შემდგომ მოველით, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 2016 წელს.
უკან დაბრუნება
417ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი