ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.12.2015 | 21:46

ჩინეთში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია მოეწყო

კატეგორია: ეკონომიკა
ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.
 
საპარტნიორო ფონდის ცნობით, ძილინის პროვინციის დედაქალაქ ჩანჩუნში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ეკონომიკური და კულტურული ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი განიხილეს, განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძილინის პროვინციასთან დამეგობრებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობებს. კონფერენციაზე რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია მოაწყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენს. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო საპარტნიორო ფონდის საქმიანობას. დავით საგანელიძემ შესაძლო პარტნიორობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ჩინელ ინვესტორებთან საქართველოში ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ასევე პროვინციის პირველ მდივანთან ბა ინჩაოლუსთან, პროვინციის გუბერნატორ ძიანგ ჩაო ლიანგთან და სახალხო კრების ვიცე სპიკერ ხუანგ ლი ხუასთან. მათი განცხადებით, საქართველო ჩინეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათი ქვეყანა მიესალმება საქართველოს აქტიურობას „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ პროექტში. ჩინეთი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოსთან არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ მსოფლიო მასშტაბის პროექტებში. ბა ინჩაოლუს განცხადებით, საქართველო-ჩინეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ისტორიის მანძილზე ყველაზე აქტიურ თანამშრომლობას სწორედ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწიეს.

დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გახდება ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი და ჩინეთის მხარდაჭერით შეძლებს დაანახოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ შესაძლებელია პატარა და დიდი ქვეყნის თანამშრომლობითა და ურთიერთმხარდაჭერით საერთო სარგებლის მიღება.

შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს, მაშ შორის ქართული ღვინის იმპორტსა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნის საფუძველზე ძილინის უდიდესი საავტომობილო ქარხნის ფილიალის გახსნის ან ერთობლივი წარმოების განხორციელების პერსპექტივაზე.

საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ასევე ჩინეთის საერთაშორისო კომერციულ ბანკთან, აბრეშუმის გზის ფონდთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკთან, ჩინეთის ექსპორტ იმპორტის ბანკსა და ჩინეთის განვითარების ბანკთან", - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კოალიცია „ქართული ოცნების“ დელეგაცია, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის მმართველი პარტიის მიწვევით იმყოფება.
უკან დაბრუნება
284ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი