შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
07.12.2015 | 15:02

გერმანიაში რაჭული 2 მეტრიანი ნაძვის ხის ფასი 70 ევრომდეა

კატეგორია: ბიზნესი
45 მილიონი ქართული ნაძვის ხე ევროპაში, - რა ღირს ქართული ნაძვი და როგორ აპირებს Fair Trade-ი საკუთარი ბიზნესის გაფართოვებას. აღნიშნულ თემაზე გადაცემა "საქმიან დილაში" შპს Fair Trade-ის ადგილობრივი მენეჯერი, ჟანა ბაბუნაშვილი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს ქართული ნაძვის ბიზნესი ევროპაში და საინტერესოა საიდან და როდიდან ჩაეყარა საფუძველი?

- მოგესალმებით დანიიდან, - ქვეყნიდან, რომელიც თითქმის მთელს ევროპას ამარაგებს შობას ულამაზესი ნაძვით, რომელიც არის რაჭიდან. ამის შესახებ არ იცის ბევრმა ქართველმა და ევროპელმა მომხმარებელმა. 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ყოველ წელიწადს ევროპაში და 90 პროცენტი არის იმ თესლიდან, რომელიც სწორედ რაჭიდან წამოვიდა. ყველაფერი დაიწყო, როგორც ამბობენ 1950-იან წლებში. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი კომპანია ამ საქმიანობას ეწევა, თუმცა ყველაფერი უფრო ახლოს რომ გადმოვიტანოთ, 2009 წელს სახელმწიფოს მიერ ლინცეზიები გაიცა რაჭის ტყეების კვარტლებზე. სულ არის 22 ლიცენზიანტი და აქედან ერთ-ერთი ჩვენ ვართ და ეს კომპანიები რაჭიდან ევროპის ქვეყნებში ექსპორტს ეწევიან. ძირითადად ეს არის დანია, რადგან დანიაში იზრდება ეს ხეები და ყველას ევროპაში გონია, რომ ეს არის დანიური ნაძვი, სინამდვილეში კი ეს თესლი არის რაჭიდან.

- გასაგებია, რომ 50-იან წლებში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ პროცესი ძალიან განვითარდა. დღეს თუ არის რაიმე შემაფერხებელი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან და უფრო მეტი გავიდეს. რაჭაში რესურსი თუ არსებობს?

- რესურსი ფიზიკურად უამრავია და ხარისხობრივად რაჭის პოტენციალი უნიკალურია, მაგრამ სამწუხაროდ იმ მოვლენებმა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარდა საქართველოში, არალეგალურმა და უსაფუძვლო კრეფამ და მოპოვებამ ამ გირჩისა, ბუმერანგივით დაუბრუნა საქართველოს ის, რომ ევროპულ ბაზარზე ამ უნიკალური და მოთხოვნადი გირჩის გადაჭარბებაა. მცენარებიიც და თესლიც საკმარისია უკვე. წელს მაგალითად, პირველად შეინიშნა მოთხოვნაზე კრიზისი და ალბათ ოთხი წლის განმავლობაში ასე გაგრძელდება.

- რამ გამოიწვია კრიზისი?

- როგორც აღვნიშნე გადაჭარბებით არის მიწოდება. უამრავი იაფფასიანი თესლი გადის. მოთხოვნა არის, მაგრამ მიწოდება იმაზე მეტია, რაც მოთხოვნაა. გადის ძალიან ადვილად და იაფად მოპოვებული, იაფფასიანი გირჩის თესლი და ამან მოახდინა კრიზისი.

- რა ღირს ევროპაში რაჭული ნაძვი?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ეს გადის ჰოლანდიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაშიც. გერმანია რაჭული ნაძვის ძირითადი ბაზარია. ფასი დგინდება სიმაღლის მიხედვით და სხვადასხვა ქვეყანაში ფასიც განსხვავებულია. შემიძლია გიხრათ, რომ გერმანიის დედაქალაქში ბერლინში ორ მეტრამდე ჩვენი ნაძვი შეიძლება 70 ევროდ გაიყიდოს.

- თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმები როგორია?

- ჩვენი კომპანია იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი გირჩის მომპოვებელი კომპანია. ჩვენ Fair Trade-ის მარკის ქვეშ მყოფი კომპანია ვართ. გეცოდინებათ, რომ ძალიან რთულია Fair Trade-ის ეტიკეტის მქონე კომპანია იყო. აქ არის მთელი რიგი პრინციპები, სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანს ბიზნესთან ერთად აქვს. ორი გზა არის, - ან აკეთო იაფად ბიზნესი საქართველოში, ან იყო სოციალურად ორიენტირებული, პატიოსანი და მხოლოდ კომერციულ მხარეზე არ ფიქრობდე. ეს არის ხარისხი, ჩვენ გვაქვს ორგანული თესლის სერთიფიკატი და საქველმოქოდო ფონდი. ჩვენსა და ჩვეულებრივ ნაძვს შორის სამომხმარებლო ბაზარზე განსხვავებაა ევრო და ოცდახუთი ცენტი, საიდანაც სამოცი ევრო ცენტი მიდის საქველმოქმედო ფონდში. ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, იმიტომ რომ სხვებთან შედარებით პატარა კომპანია ვართ. ამ საქველმოქმედო ფონდით უამრავ სიკეთეს ვაკეთებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი საქმე არ არის, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში მთელი გული ჩავდეთ. ჩვენი პრიორიტეტია ჯანდაცვა, განათლება და გარემოს დაცვა, იმიტომ რომ Fair Trade არ არის მხოლოდ მარკა, რომელიც გეუბნება, რომ გადაიხადე სამართლიანი ფასი. ეს არის გარემოს დაცვაზე ზრუნვა. რაჭას უნიკალური პოტენციალი აქვს იყოს იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე დღეს არის. რაც შეეხება კომერციულ თვალსაზრისს, Fair Trade ძალიან პოპულარული და მზარდი კომპანიაა. 
- ვიცით, რომ დანიაში პრეზენტაციას გეგმევთ...

- პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. საქართველოდან ოთხი ადამიანი ჩამოდის. პრეზენტაცია გვექნება ორგანულ თესლზე. ეს არის უნიკლური მოვლენა. საქართველოში Fair Trade- ის წარმომადგენელი მხოლოდ ჩვენ ვართ. ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია საქართველოში თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი და ზოგადად, რა მომავალი აქვს ორგანულ პროდუქტს. საქართველოს, კი ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. პრეზენტაციაზე იქნება საუბარი ტურიზმეც და ინვესტიციებზეც.
უკან დაბრუნება
4600ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი