ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.01.2016 | 10:09

გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორმა ის კრიტიკული ზღვარი გადალახა, რომელიც შესაძლოა წინა წელს დამდგარიყო

კატეგორია: საფინანსო სექტორი
ინტერვიუ ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ, გიორგი ციცქირიძესთან.
 
- 2015 წელი საბანკო სექტორისთვის მთლიანობაში საკმაოდ დრამატული იყო. თუმცა ამ ყველაფერს ბანკების ლიკვიდობაზე გავლენა არ მოუხდენია. რაშია საბანკო სექტორის წარმატების საიდუმლო?

- ციფრები საინტერესოა, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა ეს ციფრები საიდან გამომდინარეობს. პირველი, უნდა შევადაროთ აქტივებს. როდესაც ვამბობთ, რომ მოგება გაიზარდა, - რის ხარჯზე გაიზარდა. იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ გასულ წელთან შედარებით, საბანკო აქტივები 4,5 მილიარდით არის გაზრდილი, მათ შორის სესხებია გაზრდილი დაახლოებით 3 მილარდზე მეტად. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია აქტიური ოპერაციები და პირველ რიგში, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. ამიტომ, ეს ბუნებრივიც არის. შარშანაც იგივე პრობლემა იყო, რომ როგორ შეიძლებოდა ამხელა მოგება გვქონოდა. იმიტომ, რომ შარშანაც წინა წელთან შედარებით, ასევე გაზრდილი იყო. მაშინაც მოხდა იგივე აქტივების ზრდა. ერთ-ერთი ინდიკატორი, იმისთვის რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი რამდენად ადეკვატურია, არის წმინდა მოგების შეფარდება აქტივებთან. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელთან რომ ავიღოთ, არის 2 პროცენტამდე, ხოლო საშუალო მაჩვენებელს რომ შევადაროთ, ბოლო ორი წლის საშუალო მდგენელს 2,5 პროცენტი გამოვა. ეს აბსოლუტურად ნორმალური მაჩვენებელია. არაფერი დიდი არ არის. იმიტომ, რომ საბანკო სექტორში დღეს აქტივები 24 მილიარდს აჭარბებს. ცუდია, როდესაც ერთზე ნაკლებია, ან საერთოდ უარყოფითი როდესაც არის. იყო წლები, როდესაც საბანკო სექტორის უკუგება აქტივებზე უარყოფითიც იყო.

- ლარის გაუფასურებამ რა სახის გავლენა მოახდინა?

- ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა ბალანსზეც აისახა და აქტივების გაუფასურების ერთ-ერთი მაჩვენებელიც არის. სესხები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია გაცემული და აქედან გამომდინარე, გაუფასურებისას ბალანსი იზრდება. ეს ბუნებრივიც არის. მეორე ფაქტორი მინდა აღვნიშნო, წლის დასაწყისში იყო ძალიან სკეპტიკური შეფასებები, რომ თუ ლარი გაუფასურდებოდა, ეს პირდაპირ იმოქმედებდა მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე, უნდა გაფუჭებულიყო ბანკების საკრედიტო პორტფელი - იყო ასეთი პესიმისტური პროგნოზები. რეალურად ჩვენ შეგვიძლია მეორე ინდიკატორი ავიღოთ. ეს არის პრობლემური სესხების სასესხებო პორტფელთან შეფარდება. ეს 2,9 პროცენტია. ეს ჩვენს პირობებშიც კი ძალიან დაბალი მაჩვენებელია და კიდევ უფრო შემცირებულია, ვიდრე გასულ წელს იყო. 3,3 პროცენტი იყო წინა წელს. ეს, უპირველეს ყოვლისა, გვიჩვენებს იმას, რომ საბანკო სექტორი მზად არის ხოლმე ამ ტიპის გამოწვევებისა და შოკების მისაღებად და ეს საბანკო სექტორის რისკების მართვის საკმაოდ მაღალ დონეზე მიუთითებს. დღეს კლიენტებთან ურთიერთობა უფრო მოქნილია, იმიტომ, რომ ბანკი კედელთან ვერავის ვერ მიაყუდებს. ადამიანს თუ ფული არ აქვს, ის მაინც ვერ გადაიხდის, ანუ იმ ვალდებულებების დაფარვას ვერ მოახდენს. მოქნილობა გამოიხატება იმაში, რომ ბანკი კლიენტებთან თანხვედრი ნაბიჯების გადადგმას ახდენს. ბანკების მიმართ ხშირად არის ხოლმე პრეტენზიები და ეს გასაგებიც არის. ამ ტიპის პრეტენზიები ყველა ქვეყანაშია. რესტრუქტურიზაციით, თუ სხვადასხვა პირობების შეთავაზებით ხდება ის, რომ ბანკებმა თავიდან აიცილეს ის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, რომელიც ზოგადად ეროვნული ვალუტის დევალვაციას ახლავს ხოლმე.

- ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ვითარება ფულად საკრედიტო პოლიტიკისკენ იყო მიმართული. ამან საბანკო აქტივებზე რა გავლენა მოახდინა?

- ერთ ფაქტს აღვნიშნავ, - როდესაც გლობალური შოკები დგება ეს არა მარტო ერთ ქვეყანას ეხება, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. აქედან გამომდინარე, ეს შედეგები ჩვენს ქვეყანაზე აისახება კიდეც. ვთქვათ დღეს რაც აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში ხდება. ეს ის ტენდენციებია, რომლებიც სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ ქვეყნებშია, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ესენი არიან ჩვენი სვაჭრო პარტნიორი ქვეყნები და ამ ქვეყნების ეკონომიკების შეკუმშვა, ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება. მათ შორის საბანკო სექტორზეც, მაგრამ ვთვლი, რომ საბანკო სექტორმა ის კრიტიკული ზღვარი გადალახა, რომელიც შესაძლოა წინა წელს დამდგარიყო. ბევრ ქვეყანაში ძალიან გაუჭირდათ.
უკან დაბრუნება
325ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი