ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
23.01.2016 | 10:57

მერაბ კაკულია: ლარის დევალვაცია გაგრძელდება, პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს

კატეგორია: ეკონომიკა
ინტერვიუ ეროვნული ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, მერაბ კაკულიასთან.
 
- ლარი გაუფასურებას განაგრძობს, დღეს ლარზე რა ფაქტორები მოქმედებს?

- საქართველო ეკონომიკურ სივრცეში იზოლირებულად არ ფუნქციონირებს. მას მეზობლები და უახლოესი სავაჭრო პარტნიორები ჰყავს და ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების ძირითად ფაქტორად მე ის უარყოფითი მოლოდინები მიმაჩნია, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წარმოიშვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანული მანათის ერთჯერადი გაუფასურება 50 პროცენტით. ყველას ახსოვს, რომ თებერვალში 33 პროცენტით გაუფასურდა ასევე ერთჯერადად. შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასტაბილურდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ისევ 50 პროცენტით გაუფასურდა. იქ ძალიან რთული შოკური მდგომარეობაა შექმნილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანი ექსპორტის მხრივ ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ის პირველ სამეულში შედის. ინვესტიციების თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ბოლო მონაცემებით აზერბაიჯანი იყო. ასე, რომ აზერბაიჯანში რაც ხდება ამან ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაში ცოტა მოგვიანებით პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს. მოლოდინებს კი ნამდვილად აღძრავს. ეს შეიძლება ფაქტიური შოკი ჯერ კიდევ არ იყოს. არანაკლებ რთული და დრამატული ვითარებაა რუსეთის ფედერაციაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთიც უკვე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდა. ექსპორტის მიხედვით, რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთებით ბოლო წლებში. აქედან გამომდინარე, რუსეთში არსებული ვითარება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი კვლავ ლიდერობს და ფულადი გზავნილები გასულ წელს 2014 წელთან შედარებით მკვეთრად, დაახლოებით 40 პროცენტით შემცირდა. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს საქართველოს შიდა სავალუტო ბაზრის კონიუქტურაზე. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი - თურქეთი. იქაც ლირის დევალვაცია ბოლო ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა, არც იქ არის მარტივი სიტუაცია. ასე, რომ ჩვენს სამეზობლოში საკმაოდ რთული ვითარებაა და ამ ყველაფერს არ შიძლება გავლენა არ მოეხდინა.

- შიდა ფაქტორები თუ არის, რისი გაკონტროლებაც მეტნაკლებად შესაძლებელია?

- შიდა ფაქტორებიდან რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ შიდა ფაქტორების გავლენა ამჯერად ლარის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვანი არ არის. ეს ყველაფერი ძირითადად გარე ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ შესაძლოა შიდა პროცესებმა, გარკვეული როლი შეასრულოს, თუ არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები ჭირდება, პირველ რიგში, ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ამ მიმართულებით ხელისუფლება თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამს, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები გააქტიურდება, რადგან პრემიერის ბოლო დროინდელი გამოსვლები ამას ადასტურებს. კერძოდ, საუბარია ბიზნეს კლიმატის მნიშვნელოვან გაუჯობესებაზე, მისი ფისკალური კომპონენტი მაქვს მხედველობაში. საუბარია საქართველოს განვითარების კორპორაციის შექმნაზე, რომელმაც ფინანსებთან წვდომის საკითხი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს. ასევე საუბარია მთელ როიგ საინვესტიციო პროექტებზე, რომლეთაც საქართველოს კონკურენტული პოტენციალი შეიძლება გააძლიერონ. ასე, რომ ეს ყველაფერი მთლიანიობაში თუ გაკეთდა, შიდა ფაქტორების გავლენა ლარის და ზოგადად საქართველოს განვითარებულ პროცესებზე მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. მე საპარტნიორო ფონდის კონსულტანტი ვარ და აქედან გამომდინარე, მონაწილეობას ვღებულობ იმ პროცესებში, რომელიც იქ მიმდინარეობს. კერძოდ, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. კანონპროექტზე-საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ მუშაობა სრულდება და მალე პარლამენტს წარედგინება.

- ინფლაციაზე მოლოდინები დასტაბილურებულია?

- ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინები დასტაბილურებულია. დეკემბერში ინფლაციის ტემპი პროგნოზული მაჩვენებლის ფარგლებში მოექცა. ეს ჩემის აზრით გამოწვეული იყო ერთის მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრულ გამკაცრებაზე, განსაკუთებით წლის მეორე ნახევარში ამან თავისი ეფექტი იქონია. მეორე მხრივ, სუსტი სამომხმარებლო მოთხოვნაზე. წინა პერიოდებთან შედარებით, დეკემბერში სამომხმარებლო მოთხოვნა საკმაოდ სუსტი იყო, რაც დაკავშირებული იყო თუნდაც იმასთან, რომ ფულადი გზავნილების ნაკადმა იკლო. რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2015 წლის დეკემბერში 50 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ 2013 წლის დეკემბერში იყო. გარდა ამისა, დევალვაციის გამო შინა მეურნეობების ხარჯები გაიზარდა. ზოგადად ადამიანებს მოხმარების მიმართ მიდრეკილება შეუსუსტდათ. ყველაფერმა ამან დეკემბრის ინფლაციაზე გავლენა მოახდინა.

- დადებითი ეფექტი რატომ არ აისახება?

- დევალვაცია 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. ამ დროიდან ძალიან დიდი ხნის მანძილზე ლარი თანმიმდევრულად ეცემოდა და ფასების ზრდის ტემპი ძალიან დაბალი იყო. ეს გამოწვეული იყო ზუსტად იმით, რომ ვთქვათ რესურსებზე და არა მხოლოდ ნავთობ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასების დაცემა იყო. ამან იმ ეტაპზე დევალვაციის შესაძლო უარყოფითი გავლენა ფასებზე დააკომპენსირა. ამის გარეშე, დევალვაცია შეიძლება უფრო მაღალი ყოფილიყო. ეს თემა პოზიტიურ ზემოქმედებას წელსაც განაგრძობს. თუ ლარის დევალვაცია 2016 წელს გაგრძელდა, ჩემის აზრით, ეს ასეც იქნება, მხოლოდ ჯერ ძნელია საუბარი იმაზე რა ტემპით და რა მასშტაბით გაგრძელდება, მინიმუმ მცოცავი დევალვაცია გაგრძელდება. ლარის გაუფგასურებას თითქოს ექსპორტისთვის ხელი უნდა შეეწყო და იმპორტი მკვეთრად შეეზღუდა. იმპორტი კი შეზღუდა 10-15 პროცენტით, მაგრამ ესქპორტიც 23 პროცენტით შემცირდა. იმიტომ, რომ საგარეო მოთხოვნა შესუსტდა და გლობალურ ეკონომიკაში არის ცუდად საქმე. ამან გამოიწვია ეს ყოველივე. ჩვენ ფუნდამენტური ფაქტორებისგან თავი ჯერ არ დაგვიღწევია. ეს თუ გაგრძელდება, პოზიტიური მოლოდინების საფუძველი დღეს არ გვაქვს.

- მონეტარული პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს?

- რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკაც უფრო მოქნილი უნდა იყოს, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ბმა უფრო ეფექტიანი უნდა იყოს და მთავრობის და ცენტრალური ბანკის თანამშრომლობაც უფრო ახლო უნდა იყოს, ვიდრე აქმდე იყო.
უკან დაბრუნება
393ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი