შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.12.2015 | 16:09

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე ეტაპი თებერვალში დაიწყება

კატეგორია: ბიზნესი
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2015 წლის მარტიდან დაიწყო, უკვე რვაასამდე ხელშეკრულება გაფორმდა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 7846 განაცხადია წარდგენილი, რომელიც 12711-მა ადამიანმა წარმოადგინა. აღნიშნულ თემაზე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია საუბრობს.

- მიკრო და მცირე ბიზნესიდან, რამდენი განაცხადია შემოტანილი და რამდენია მსურველი?
- რეალურად განმცხადებელი იყო 12711 და აქედან ბიზნეს იდეები უფრო ნაკლები იყო, რადგან განცხადება შეეძლოთ ინდივიდუალურად შემოეტანათ ან რამდენიმე ადამიანს ჯგუფურად ერთად. ბიზნეს იდეები მრავალფეროვანი იყო. აქედან 40 % სოფლის მეურნეობის კუთხით იყო. ტრადიციული მიმართულებებით, - ხშირი იყო მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, ასვე მეცხოველეობის იდეები. დანარჩენი კი უფრო მომსახურეობაზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები იყო. აქედან უკვე 1000-მდე კონტრაქტს მოეწერა ხელი და მეწარმეებზე ეტაპობრივად ხდება თანხის გადაცემა.

- როგორ მოხდება ამ ადამიანების ურთიერთობა ფინანსურ ინსტიტუციებთან და რამდენად იქნება ეს პროექტები სიცოცხლისუნარიანი?

- რეალურად იდეა ამ პროექტის მდგომარეობს შემდეგში: განმახორციელებელი ორგანიზაციები ძირითადად არიან ასოციაციები, აიპები, - ვთქვათ კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბანკი, ან სხვა. დიზაინი პროექტის ისეთია, რომ პროგრამის განმავლობაში, ანუ 26 თვის მანძილზე, ამ მეწარმეებს გაეწევათ, როგორც ჯგუფური ტრენინგები, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები. ეს იქნება მათ ბიზნესზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციები. გვყავს საკმაოდ ბევრი თანამშრომელი, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ, ინდივიდუალურად ჩადიან ყველა მეწარმესთან და ადგილზე კონსულტაციებს უწევენ და ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

- ეს ყველაფერი, ფინანსური რისკების პრევენციისკენ მიმართული ტრენინგები იქნება?

- ჯგუფური ტრენინგები უფრო არის მენეჯმენტის კუთხით, ბიზნესის მართვის კუთხით, ბიზნესგეგმის დაწერის კუთხით, იგივე ფინანსური ტრენინგებიც ჯგუფურია. თუმცა, არის ინდივიდუალური კონსულტაციებიც, რომელიც მარკეტინგის, სოფლის მეურნეობის, და სხვა ტიპის ბიზნესის ნაწილში გაეწევათ.

- კონკრეტული რაოდენობა დავასახელეთ ფიზიკური პირებისა, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი და საკუთარი იდეები შემოიტანეს. თუმცა, მთლიანობაში რამდენად ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირება?

- როგორც მოგეხსენებათ, ეს დაფინანსების პირველი ეტაპი იყო და ჩვენ მეორე ეტაპს თებერვლიდან ვაპირებთ და ისევ თავიდან ვაპირებთ ამ ყველაფრის შეტყობინებას დაინტერესებული მეწარმეებისთვის. მაქსიმალურად ვეცადეთ, როგორც ეკონომიკის სამინისტრომ ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, რომ ყველა რეგიონში და რაიონში ჩავსულიყავით და სოფლად მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გაგვემართა. ყველგან ვიყავით, გავმართეთ პრეზენტაციები, ავუხსენით ამ პროექტის შესახებ, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც განმახორციელებლები არიან ამ პროექტის, თავისთავად ვალდებულნი არიან ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ რეგიონებში, რაიონებსა და სოფლად მაცხოვრებლებს, მათ თავიანთი მობილიზაციის გეგმა აქვთ და იმ გეგმას ასრულებენ. მჯერა, რომ მეორე ეტაპსაც წარმატებით და აქტიურად ჩაატარებენ.

- ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის წილი რამდენია, რომელიც დაიწყო პროექტი “აწარმოე საქართველოში"-ის ფარგლებში?

- ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ცალკე კომპონენტად ექსპორტის წახალისებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ალბათ ვხვდებით, რომ ასეთი პატარა ეკონომიკის და მოსახლეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტი აწარმოოს, რომელიც ჯერ ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებს და შემდეგ პოტენციალი ექნება, რომ კონკურენცია გაუწიოს თუნდაც ევროკავშირის ბაზარს. “აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში შეიძლება ითქვას, რომ პროდუქცია ნაწილობრივ ბევრ კომპანიებს უკვე ნაწარმოები აქვს, ბევრი კომპანია ახლა იწყებენ ასეთი პროდუქციის წარმოებას, ანუ ყველა კომპანია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება.

- თუ გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომ მეწარმემ თავისი პროდუქტის ექსპორტი მაგალითად, ევროპაში მოახდინა?

- ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის ის, რომ კომპანია “ინოვასიმ’’, რომელიც ფარმაცევტიკის დარგში მოღვაწეობს და ჩვენივე დაფინანსებული პროექტია, ესპანეთში გამოფენიდან მოახერხა კონტრაქტის ჩამოტანა.

- საპარტნიორო ფონდს აქვს კონცეფცია, რომ მის პლათფორმაზე მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტო შეიქმნას. ხომ არ ხედავს ეკონომიკის სამინისტრო და კონკრეტულად თქვენი მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომ ეს ფუნქცია თქვენთან თანაკვეთაში მოვა? რეალურად იქნება ორი ერთნაირი სააგენტო, საიდანაც ერთი შევა საპარტნიორო ფონდის და მეორე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში....

- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დუბლირება არ იყოს. საპარტნიორო ფონდთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს. იგივე ვთქვათ ექსპორტის დაკრედიტების ნაწილი, რომელიც თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა იყო და საპარტნიორო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ჩემი თანამშრომლები ახლაც ჩართულები არიან ამ პროექტში და ვცდილობთ დიზაინი შევქმნათ. არ მგონია, რომ დუბლირება მოხდეს, ჩვენ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე.
უკან დაბრუნება
489ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი