ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.01.2016 | 11:31

მომსახურების საკომისიო - ხარჯი, რომელსაც საბანკო პროდუქტით სარგებლობისას ვიხდით

კატეგორია: საფინანსო სექტორი
მომსახურების საკომისიო, ეს არის ხარჯი, რომლის გადახდაც აუცილებელია ზოგიერთი საბანკო პროდუქტით სარგებლობისას. არსებობს შემდეგი ტიპის საკომისიოები: ანგარიშის გახსნის, ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური, ინტერნეტ ბანკის, SMS ბანკის, ავტომატური გადახდების, თანხის განაღდების, სესხის გაცემის საკომისიო და ა.შ. საკომისიოები შეიძლება იყოს, როგორც ყოველწლიური ასევე ყოველთვიური, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის მომსახურებით ვსარგებლობთ. აღნიშნულ საკომისიოებს ბანკის თითქმის ყველა მომხმარებელი იხდის, უბრალოდ განსხვავებულია სატარიფო სისტემა.
 
ბანკთან ურთიერთობის დროს ჩვენ ვხსნით ანგარიშს, შესაბამისად ვიხდით ანგარიშის გახსნის და მომსახურების საკომისიოს, რომელიც დამოკიდებულია ანგარიშის ტიპზე. როდესაც ვსარგებლობთ სადებეტო პლასტიკური ბარათით ვიხდით მომსახურების საკომისიოს, რომელიც როგორც წესი ყოველთვიურად დაახლოებით 1 ლარს შეადგენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მომხმარებელი ჩართულია კონკრეტული ბანკის სახელფასო სისტემაში, შესაძლებელია გარკვეული შეღავათებით სარგებლობდეს.

დისტანციური პროდუქტებით სარგებლობა ხშირ შემთხვევაში დამატებითი ხარჯის გაწევას გულისხმობს. ინტერნეტ და sms ბანკის საშუალებით შეგვიძლია განვკარგოთ ჩვენი საბანკო ანგარიშები და განვახორციელოთ საბანკო ოპერაცია, როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე საქართველოში და საზღვარგარეთ. ინტერნეტ ბანკის მომსახურების საკომისიო დაახლოებით 1 ლარიდან იწყება, თუმცა, ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში უფასოა ან მისი ღირებულება სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად პაკეტურად არის შემოთავაზებული. რაც შეეხება sms ბანკს, მისი ღირებულება ყოველთვიურად საშუალოდ 1 ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ თანხის განაღდების საკომისიოს, რადგან ეს ტარიფი განსხვავებულია იმის და მიხედვით, თუ რომელ ბანკში და რომელი ანგარიშიდან ვანაღდებთ თანხას.

ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისას აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ ის დანახარჯი, რაც თან ახლავს ამა თუ იმ მომსახურებით სარგებლობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაგროვილი საკომისიოს შესახებ სრულიად შემთხვევით ვიგებთ. ბანკში მისვლის დროს დგინდება, რომ ანგარიშზე, რომლითაც რამდენიმე წელია არ გვისარგებლია, ავტომატურად დაგვერიცხა მომსახურების საკომისიო, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა და საკმაოდ დიდ თანხასაც მიაღწია. ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ აღარ ვიყენებთ ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას, მივიდეთ ბანკში და დავწეროთ შესაბამისი განცხადება.

უკან დაბრუნება
772ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი