ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
31.12.2015 | 11:07

მსოფლიო ეკონომიკის 2015 წლის გამარჯვებულები და დამარცხებულები

კატეგორია: მსოფლიო
2015 წელი გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა და ძლიერმა დოლარმა მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია.
 
2015 წელი განსაკუთრებით წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთისა და ბრაზილიის ეკონომიკებისთვის. წლის ბოლოს მთავარ ეკონომიკურ მოვლენად კი ანალიტიკოსები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებენ. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, პირველად თითქმის ათწლეულის მანძილზე, საპროცენტო განაკვეთები გაზარდა და ამით აჩვენა, რომ აშშ-ის ეკონომიკამ მეტწილად გადალახა 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისით გამოწვეული პრობლემები.

2015 წელი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა ჩინეთისთვისაც - წელს ჩინეთს ეკონომიკური ზრდის ტემპით ირლანდიამაც გაუსწრო, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 7 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთში წლის განმავლობაში ექსპორტი თითქმის 4 პროცენტით შემცირდა, საფონდო ბირჟის ინდექსმა კი გასულ ზაფხულს 1996 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა.

წელს ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად დღის წესრიგში ყველაზე აქტიურად დადგა საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების საკითხი. საბერძნეთმა ზაფხულში კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დააწესა, ქვეყნის ბანკებმა კი 3 კვირით მუშაობა სრულად შეწყვიტეს. ახლა საბერძნეთი იმ გეგმის შესრულებას ცდილობს, რომელიც კრედიტორებმა ახალი ტრანშის მიღების სანაცვლოდ დაავალეს.

მიუხედავად საბერძნეთის კრიზისისა მსოფლიოში ყველაზე მეტი ვალის მქონე ქვეყნად კვლავ იაპონია დარჩა, - იაპონია, 1990 წლის შემდეგ სტაგნაციას განიცდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, იაპონიის სახელმწიფო ვალი, 2030 წლისთვის მის ეკონომიკაზე სამჯერ დიდი იქნება, თუ მთავრობა ხარჯვით ნაწილს არ გადახედავს.

ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა განსაკუთრებული გავლენა მის ექსპორტიორ ქვეყნებზე იქონია. წელს აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება და მანათი თავისუფალ მცურავ კურსში გაუშვა, - ერთ ღამეში მანათი დოლართან ევროსთან და რუბლთან თითქმის 50 პროცენტით გაუფასურდა.

მსოფლიო ყურადღების ცენტრში წელს აქტიურად მოექცა ირანიც, - ქვეყანა იზოლაციიდან გამოსასვლელად ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ნავთობის ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე გამოჩნდება, რომელიც მზად არის სანქციების მოხსნიდან ერთ კვირაში წარმოება დღეში 500 000 ბარელით გაზარდოს.
უკან დაბრუნება
234ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი