კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
09.12.2015 | 13:59

მთავრობის გეგმები უცხოელი ინვესტორების წასახალისებლად და ქართული ბიზნესის მოთხოვნები

ავტორი: თელარა გელანტია
კატეგორია: ბიზნესი
"მთავრობა ინვესტორებისთვის დამატებითი წახალისების მექანიზმების შემუშავებას იწყებს", - ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა. ოფიციალურ რელიზში ნათქვამი იყო, რომ ეკონომიკურ საბჭო შესაბამის დოკუმენტზე მუშაობას დონორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს. ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ჯავახაძემ მაშინ ისიც თქვა, რომ „ეს იქნება ინვესტიციების წახალისების მექანიზმები, მათ შორის ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. რათა ინვესტორები შემოვიდნენ ამ დარგებში, დააბანდონ კაპიტალი და შექმნან სამუშაო ადგილები". ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტის სახით ჯერ არ არსებობს და დეტალებიც უცნობია.
 
ეკონომიკური საბჭოს მდივან გიორგი გახარიას "ბიზნესკონტაქტმა" ჰკითხა, თუ რას გულისხმობენ ნაკლებადგანვითარებული დარგების წახალისებაში და ხომ არ არ აპირებს მთავრობა არაკონკურენტული დარგისთვის ხელშეწყობას. პასუხი იყო უარყოფითი, რადგან გიორგი გახარიაც ფიქრობს, რომ „თუ დარგი ნაკლებად კონკურენტულია, მას ხელშეწყობაც ვერ უშველის“. მისი თქმით, იდეა ქვეყანაში მოზიდული ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და შესაბამისად ინვესტორების წახალისებაში მდგომარეობს.

"რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანა მოქმედებს კონკრეტული გეგმით. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც კონკურენციას გვიწევენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში. ყაზახეთს აქვს სპეციალური პოლიტიკა, თურქეთშიც არის FDI-ის წახალისების სპეციალური პროგრამები; ასევე სლოვაკეთში, ჩეხეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ კი, მსგავსი არაფერი არ გვაქვს. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ შევქმნათ უცხოური ინვესტიციების წახალისების და დაცულობის ხარისხის გაზრდის მიზნით გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივა. რა სახის დაცვაზეა საუბარი? - ეს ჯე მსჯელობის საგანია; საუბარია, ნაწილობრივ საგადასახადო თემებზე, მაგრამ ეს დავის საგანია, თუმცა ამას ბიუჯეტზე ზეგავლენა არ ექნება, რადგან შეეხება ახალ ინვესტიციებს. მოკლედ, ესაა იდეა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს“, - აცხადებს გიორგი გახარია.

"ბიზნესკონტაქტმა“ ეკონომიკური საბჭოს მდივანს და ბიზნესომბუდსმენს ასევე ჰკითხა - ფიქრობს თუ არა ან რატომ არ ფიქრობს მთავრობა ადგილობრივი ბიზნესმენების წახალისებაზე, რადგან ბიზნესმენების ნაწილი ხშირად აკეთებს იმაზე აქცენტს, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტი უცხოელი ინვესტორია. გიორგი გახარიამ ეს ქართველი ბიზნესმენების "დაუსაბუთებელი ეჭვიანობით" ახსნა.

"ქართველი ინვესტორები არიან ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ფასეული და მერწმუნეთ ყველაზე დაცულები. ეს არის ფაქტი, რომელიც დასტურდება ქვეყნის ხელისუფლების ბიზნესისადმი განწყობით და დამოკიდებულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დაუსაბუთებელი ეჭვიანობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ შეღავათები მათაც შეეხებათ.

რეალურად, შეეხება თუ არა და რა ფორმით წამახალისებელი მექანიზმები ქართველ ინვესტორებს, ამას დრო გვიჩვენებს, ერთი რამ კი ფაქტია - მთავრობა თითქმის 8 თვეზე მეტია ფიქრობს და ვერ გადაწყვიტა ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი ძირითად ინიციატივაზე - ბიზნესის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებაზე, გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ჭირაქაძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება კარგად გააცნობიერებს იმას, რომ ბიზნესთან აქტიური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე ცალკე უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორს არ გამოვყოფ. არასწორია მიდგომა უცხოელები გამოვყოთ და ადგილობრივები დავაკნინოთ. ჩემი აზრით, მთავარია ის, რომ უნდა არსებობდეს მეტი პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან. ყველა პრობლემაზე, რომელიც ბიზნესს აწუხებს, მყისიერად უნდა ხდებოდეს რეაგირება", - ამბობს გიორგი ჭირაქაძე.

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე კი, მეტი ინვესტიციის მოსაზიდად აქცენტს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე აკეთებს.

"იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტია მაქსიმალური სტაბილურობა ქვეყანაში, როგორც პოლიტკური, ისე - ეკონომიკური", - აცხადებს ბიზნესმენი.

სტაბილურობაზე ამახვილებს ყურდაღებას მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბექა გონაშვილი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბევრი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა, რომლებიც დარგში ცოდნას და ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი შემთხვევაა, როცა ინვესტორს ბიზნესის დაწყების შემდეგ ექმნება პრობლემები საქართველოში, რაც ზოგჯერ საგადასახადო კოდექსის ბუნდოვანებას უკავშირდება, ზოგჯერ კი - მიწის შესახებ კანონის ამ დრომდე არ არსებობას.

"ძალიან ბევრია ინვესტორი, რომელიც საქართველოში პირველი ინვესტიციების ჩადების შემდეგ ხდება უკმაყოფილო. მერე ასეთი უკმაყოფილო ადამიანი ათ უკმაყოფილო ინვესტორს იწვევს სამომავლოდ. ინდოელების მაგალითიც რომ ავიღოთ, ანუ მათ იყიდეს მიწა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, ფულგადახდილ მიწებს ვეღარ იფორმებდნენ და ა.შ. და ასეთი ძალიან ბევრია", - აცხადებს გონაშვილი.

მიწის კანონის არარსებობის გამო ინვესტორებისთვის პრობლემის შექმნის მიზეზებს არ იზიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინვესტორს, რომელსაც მიწასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა და ამის გამო არ ჩადო ინვესტიცია საქართველოში", - განუცხადა მან "ბიზნესკონტაქტს“ და მიწის კანონის დამტკიცების გაჭიანურება ნაწილობრივ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და სიფრთხილით ახსნა.

ამდენად, ბიზნესის აზრით, იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიცია განხორციელდეს, პირველ რიგში საჭიროა სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო და უკვე შემდეგ წახალისების მექანიზმები. როგორც „ბიზნესკონტაქტისთვისაა“ ცნობილი, ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა საერთაშორისო საინვესტიციო საბჭოს შემდეგ სხდომაზეც, რომელიც შემდეგი წლის იანვარში გაიმართება. ეკონომიკური საბჭოს მდოვან გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით, 1-2 თვეში უკვე ინვესტიციების წახალისების კონკრეტულ მექანიზმებზე შეძლებენ საუბარს.
უკან დაბრუნება
352ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი