ორშ, 16 იანვარი
ორშ, 16 იანვარი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 20:38

მურმან მარგველაშვილი "გაზპრომზე": რუსეთი გამარჯვებულია

ავტორი: დავით ჯალაღონია
კატეგორია: ეკონომიკა
ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორის მურმან მარგველაშვილის შეფასებით, "გაზპრომ-ექსპორტთან" ურთიერთობის საკითხში საქართველოსთან რუსეთმა გაიმარჯვა. ამის შესახებ მან დღეს ენერგეტიკის მინისტრსა და დარგის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რუსეთი გამარჯვებულია, რადგან ჩვენ სამწუხაროდ ერთმანეთთან შეუდარებელი ძალები გვაქვს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება "გაზპრომ-ექსპორტთან" შეთანხმებული პირობების დეტალებს, როგორც მურმან მარგველაშვილი განმარტავს, გასაფორმებელი ორწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წელი გარდამავალია.

"წელს ერთი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის გატარებაზე ძველი პირობა არის შენარჩუნებული და 10%-იანი ანაზღაურება ნატურით გვრჩება, ხოლო დანარჩენზე - თანხა.

პირველადი შეფასებით, ფულადი ანაზღაურება მთლად ვერ ფარავს იმ სარგებელს, რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ ამ ტრანზიტისგან, მაგრამ პირდაპირ იმის თქმა, რომ ბევრად უკეთესის მიღწევა შეიძლებოდა, არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ რუსეთზე უამრავი სხვადასხვა ბერკეტით ვართ დამოკიდებული“, - განმარტა მან და დასძინა, რომ ეს ბერკეტები სამხედრო ბორდერიზაციის პრობლემებით იწყება და ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებით გრძელდება.

„ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს თემატიკით არ შემოიფარგლება, აქ უსაფრთხოების საკითხები დგას, რომელიც უფრო ფართო სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანია", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ დღესვე უნდა დაიწყოს მზადება 2019 წლისთვის, როცა "გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულების განახლება იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომ-ექსპორტის" ხელმძღვანელობასთან გამართული გასული ორი შეხვედრა უშედეგოდ დაასრულა. გუშინ კი მინსკში მხარეება ახალ პირობებზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით 2017 წელს საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან, ტრანზიტის საფასურად ნაწილობრივ ნედლეულს მიიღებს, ნაწილობრივ კი - თანხას. 2018 წლიდან კი ფულადი ანაზღაურების სისტემაზე მოხდება გადასვლა.
უკან დაბრუნება
325ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი