შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 10:58

OXFAM: საქართველოს მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის

კატეგორია: ეკონომიკა
"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის“, - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ორგანიზაცია "ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს. ნინო ედილაშვილი განმარტავს, რომ მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივი, მრავალფეროვანი და საღი პროდუქტი.
 
"უახლესი კვლევებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და, შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს ხარჯავს სურსათზე და მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივი, მრავალფეროვანი და საღი პროდუქტი. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება ბავშვებთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი. არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება", - აღნიშნავს ნინო ედილაშვილი. მისი თქმით, აუცილებელია მცირე მეურნეებზე მორგებული საინვესტიციო სქემების შემუშავება სურსათის წარმოების გაზრდის მიზნით და წარმოებულ სურსათზე ადგილობრივი გასაღების ბაზრის მოძიება.

"ამის ერთერთი გამოსავალია, სახელმწიფო სურსათის შესყიდვებში (ბაღები, ჯარი და სხვა დაწესებულებები) მცირე მეურნეების წარმოებული პროდუქციის პრიორეტიზირება შეძენის დროს", - განმარტავენ ოქსფამში. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2004 წლის მონაცემებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის 98 % -ს სწორედ მცირე მეურნეები წარმოადგენენ , ხოლო სოფლის მეურნეობაში კი საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მონაწილეობს. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ მცირე მეურნეები ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მთავარი წყაროა. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ აწარმოებენ საკმარისი რაოდენობის საკვებს, მათ ასევე აქვთ შეზღუდული წვდომა ადგილობრივ ბაზრებზე", - ამბობს ნინო ედილაშვილი.

ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით ორგანიზაცია ხელმოწერებსაც აგროვებს, - პეტიციის ადრესატი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

მიგვაჩნია რომ პირდაპირი უპირობო სუბსიდირების გარდა, სახელმწიფომ სპეციალური პროგრამები უნდა შეიმუშაოს, რომელიც ადგილობრივ მეურნეებს საშუალებას მისცემს სტაბილურად გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. ამის ერთ-ერთი გზაა მცირე მეურნეების ინტეგრირება საჯარო შესყიდვებში და სხვა გარანტირებულ ბაზრებზე წვდომის გაზრდა.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია მიზნობრივი ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ისეთი სურსათის დარგში როგორიცაა, ხორბალი, სიმინდი, ხორცი, თევზი და ხილი, ანუ ის საბაზისო პროდუქცია რაზეც საქართველო ყველაზე მეტადაა დამოკიდებული იმპორტზე.

სამინისტროს აქვს რიგი პროექტებისა, რომელიც სოფლის მეურნეობას უწყობს ხელს, მაგალითად კოოპერატივების შექმნა, თუმცა მიგვაჩნია რომ ის მასშტაბი რა სახითაც გვაქვს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები, აუცილებელია ალტერნატიული გზების მოძიებაც. კერძოდ, ადგილობრივი პროდუქციის ადგილობრივ ბაზრებზე რეალიზება, რაც გაზრდის მეურნეების შემოსავლებს, დაარეგულირებს სურსათზე ფასებს და ამდენად, მომხმარებელს საშუალებს მისცემს უფრო მეტად მოიხმაროს ადგილობრივად წარმოებული, გაცილებით ჯანსაღი პროდუქტი“, - აცხადებს ოქსფამის წარმომადგენელი ნინო ედილაშვილი.
უკან დაბრუნება
447ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი