ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.01.2016 | 16:42

პრემიერი: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნად იქცევა

კატეგორია: ეკონომიკა
ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა დავოსისი ეკონომიკური ფორუმის სესიაზე "ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა".
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას მართლაც სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიკურობა, ხოლო აზიას - ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რკინიგზის მოდერნიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

"შენდება გზატკეცილები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევიმუშაოთ სამხრეთ კავკასიური დერეფნის მართვის ერთიანი მიდგომა. ახლახანს განხორციელდა პირდაპირი სარკინიგზო რეისები სინძიანის პროვინციიდან ევროპაში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გზით. ასე რომ, ეს მიმართულება ძალიან სწრაფად ვითარდება და სახეზეა მზარდი მოთხოვნა. სინძიანის პროვინციიდან მატარებელი თბილისში ჩავიდა 7 დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან მომავალ მატარებელს დასჭირდება 10-11 ევროპაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით და გადასახადების სიმცირის თვალსაზრისითაც. ხორციელდება გადასახადების ადმინისტრირების ლიბერალიზაცია და ტარდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მომდინარეობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან.

"საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ევროკავშირთან. ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, ხოლო რუსეთთან დაძაბულობა შეამციროს. "რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებობა," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
უკან დაბრუნება
241ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი