შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.01.2016 | 13:33

ქართული კივის წარმატება ევროპაში - "მთავრობისგან ყველასთვის თანაბარი წესების გარდა, არაფერს ვითხოვ"

კატეგორია: ბიზნესი
Nergeta-ს წარმოებული ქართული კივი უკვე მეორე წელია გერმანიის ბაზარზეა. ცნობილი ქსელი Lidl-ის ასობით სუპერმარკეტში, ბავარიაში, მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდში და ახლომდებარე ქალაქებში ქართული კივი იყიდება. Nergeta-ს თანადამფუძნებელი, კოტე ვეკუა აცხადებს, რომ ყველაზე რთული ევროპელების მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო, თუმცა ის პროდუქციის გაყიდვებით კმაყოფილია. კოტე ვეკუა აღნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს დღეს წარმატების მიღწევა DCFTA-ის გარეშეც შეუძლიათ, მისი თქმით მთავარია მომხმარებელს კომპანიამ სწორი პროდუქტი შესთავაზოს. 
 
"პირველად კივი გერმანიაში შარშან გავიტანეთ. იქ არის საკმაოდ ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი Lidl. მას ევროკავშირში 10 000-მდე მაღაზია აქვს. თავიდან ყველაზე რთული მათი მოთხოვნის  დაკმაყოფილება იყო. ეს იყო ხარისხი, გენური თვისებები, სწორი სიმწიფე, ანუ კივი თვითონ მოკრეფის მომენტში მკვრივია, მაგრამ სუპერმარკეტში რომ მოხვდება ადვილად მისართმევი უნდა იყოს მომხმარებლისთვის. პრობლემები ბევრია, - თუნდაც ის, რომ მუყაოს ყუთები, რომლებიც ჩვენ შეფუთვისთვის გვჭირდება, საქართველოში არ კეთდება. მუყაოს ყუთები სტამბოლოდან, ეტიკეტი და პლასტმასის ჩასაწყობი ფირფიტები კი იტალიიდან შემოგვაქვს. თითქმის ყველაფერი უცხოეთიდან უნდა შემოიტანო. აქ რაც იბეჭდება შესაფუთი მასალები დაბალი ხარისხისაა და უფრო ძვირი ღირს. DCFTA კარგია, მაგრამ ქართულ კომპანიებს მის გარეშეც უნდა შეეძლოთ ევროკავშირში გასვლა. ჯერ ერთი, საბაჟო გადასახადი უკვე დიდი ხანია ევროპაში ქართულ პროდუქციაზე ისედაც აღარ არის. DCFTA ცოტა მეტს მოიცავს, მაგრამ კონკურენტული თუ ხარ, საბაჟო გადასახადი რომც იყოს, უნდა მოახერხო და შეძლო საკუთარი პროდუქტის ევროკავშირში გატანა. არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ მთავრობამ, ან სხვა ვიღაცამ რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთოს. თვითონ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველაფერი. უნდა იცოდეს რა შესთავაზოს მომხმარებელს და თუ უნდა რაღაცის შეთავაზება უნდა მოახერხოს ისე, რომ ფასით, ხარისხით, შეფუთვით ყველაფერი უზრუნველყოს და მომხმარებელი დააკმაყოფილოს", - ამბობს კოტე ვეკუა. მისივე თქმით, ევროკავშირის ბაზრებზე კონკურენცია დიდია, მაგრამ ქართული კივის რეალიზებას ხელს უწყობს ის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი, სადაც ის ხარობს, რის გამოც მისი გემო განსხვავებული და გამორჩეულია.
 
"ჩვენი კივის გვერდით, ერთ მხარეს ბერძნული კივია დალაგებული, მეორე მხარეს - იტალიური. ჩვენი ტენიანი სუბტრიპიკული კლიმატი, რომელიც სამეგრელოშია, კივს ეხმარება, რომ მაღალი შაქრიანობა ჰქონდეს. ჩვენ შარშანაც შევამოწმეთ სიტკბოს შემცველობა, რაც 17,3 პროცენტი იყო და მეორე ადგილზე ვინც იყო იტალიური კივი, ჰქონდა 13,9 პროცენტი", - განმარტავს ვეკუა.

კოტე ვეკუა აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებში არასაკმარისი თანხა იდება. მისი თქმით, ცოდნის გარეშე ქართული პრდუქტი განსაკუთრებული ვერ გახდება.

"პირადად მე, არაფერს ვითხოვ მთავრობისგან გარდა იმისა, რომ ყველასთვის თანაბარი წესები არსებობდეს. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ როგორც ადრე, დღესაც ვხედავ მთავრობის მანქანები როგორ მისწრებენ გზაში. ორი უწყვეტი ხაზია, მაგრამ იქ მაინც გადაგივლიან. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ვიტყოდი, რომ ამ ეტაპისთვის ბევრი კონკურენტუნარიანი პროდუქტი არ გვაქვს. ფაქტებით დასტურდება, რომ თხილი და კივი გადის. ახლა ის ზღაპრები, რომ ლაგოდეხის მინდვრის კიტრი და ჭოპორტის პომიდორი, - ისინი ჯერ მისაყვანია იქამდე და იქ რომ დაიდება, მერე უკვე ნიშნავს იმას, რომ კონკურენტულია. ძალიან ბევრს აწუხებს აზრები, რომ იზოლაციაში ვართ და გვაქვს რაღაც განსაკუთრებული პროდუქტები. განსაკუთრებული არის მაშინ, როდესაც ეს განხორციელდება. ამას კი ზოგადად თანამედროვე ცოდნა სჭირდება. საქართველოში მეცნიერულ გამოკვლევებში, თანამედროვე ტექნოლოგიებში ძალიან ცოტა თანხა იდება. იქ კიდევ პირიქით არის. ევროპაში მაგალითად, სახელმწიფო უკვე ფაქტიურად სანერგე მეურნეობებში და ახალი ნერგების გამოყვანაში არ მონაწილეობს. ეს ყველაფერი მთლიანად კერძო კომპანიების ხელშია. კერძო კომპანია კი ახალ ნერგს, ახალ ჯიშს გამოიგონებს, ის ჯიში უკვე ფული ღირს და ყოველ წელს უნდა გადაიხადო გადასახადი თუ მას დარგავ", - აცხადებს კოტე ვეკუა.
უკან დაბრუნება
852ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი