კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2016 | 22:33

ქართველი ემიგრანტის წარმატება იტალიის სასტუმრო ბიზნესში - "მჯერა საქართველო ტურისტულ მექად იქცევა"

კატეგორია: საზოგადოება
ქართველი ემიგრანტი შალვა დოლაქიძე, ევროპის ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროს "Grand Hotel Pigna Antiche Terme & Spa"-ს 2014 წლის აგვისტოდან მართავს და სასტუმროს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს. შალვა დოლაქიძე საქართველოდან ევროპაში 1993 წელს წავიდა, რამოდენიმე წელში კი ტურისტულ ბიზნესში ჩაერთო.
 
""გრანდ ჰოტელ პინია" საოცრად მაღალი პოტენციალის მქონე სასტუმროა, რომელიც მდებარეობს იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე, 30 კმ-ის დაშორებით მონტე კარლოსა და სანრემოდან, ბუნებრივ ოაზისში, მწვანეში ჩასმულ მთიან გარემოში, ჩანჩქერებითა და ტბებით, მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული ზღვიდან. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს თერმული (გოგირდოვანი) წყლის საბადო, რომელიც ერთადერთია 150 კმ-ის რადიუსში“, - ამბობს შალვა დოლაქიძე "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას. მისი თქმით, საქართველოში ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია, თუმცა თბილისისა და ბათუმის გარდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა სხვა ქალაქებში ნაკლებად არის განვითარებული, - მაგალითად მას ბაკურიანი და გუდაური მოჰყავს.

"ვფიქრობ, რომ ბოლო 8-10 წლის მანძილზე საქართველოში სასასტუმრო ბიზნესი ძალიან განვითარდა, ბევრ სასტუმროში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომსახურების დონე და სასტუმროს მართვის სისტემები არაფრით ჩამოუვარდება ევროპის მაღალი დონის სასტუმროებს. დაიხვეწა ასევე სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების დიზაინი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის, ვინაიდან წარმატების საწინდარი არის მომსახურების ხარისხის დონე, დასვენებისა და გართობის მრავალფეროვნება, რაც ზრდის ინტერესს ტურისტების მხრიდან ამა თუ იმ მიმართულებისადმი.

ჩემთვის პირადად საქართველოს ტურისტული პოტენციალი უსაზღვროა, ვინაიდან კლიმატური პირობები, ბუნება, სამზარეულო, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მრავალფეროვნება და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა უფრო მიმზიდველს ხდის ამ მიმართულებას უცხოელი დამსვენებლებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი უარყოფითი ფაქტი, თბილისისა და ბათუმის გარდა არსად არ არის განვითარებული გასართობი და დროის გასატარებელი ინფრასტრუქტურა, მაგალითად სამთო სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში არ არსებობს შეძლებული დამსვენებლისათვის მისაღები რესტორნები და ბარები, ლაუნჯები და დისკოთეკები, რაც თავისთავად დისკომფორტს იწვევს იმ ტურისტისათვის, რომელიც სრიალის შემდეგ, აპირებს ივახშმოს და გაერთოს“.

შალვა დოლაქიძე საქართველოში თერმული კურორტების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, ქვეყანას სამკურნალო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ასევე მეტი ყურადღების დათმობაა საჭირო თერმული კურორტების განვითარებისთვისაც, ვინაიდან თერმულ კურორტებზე დასვენება არა მხოლოდ სიამოვნებაა, არამედ საჭიროებაც, რამდენადაც ჯანმრთელობის პრევენცია და მკურნალობა მსოფლიოს ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლისათვის გადაუდებელი აუცილებლობაა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ სამკურნალო ტურიზმი, მითუმეტეს როდესაც გაგვაჩნია მიმართულება, რომელსაც წყალტუბო ეწოდება". მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ორგანიზაციებში და ასოციაციებში გაერთიანდეს.

"ბოლო დროს სერიოზულად დავიწყე ფიქრი საქართველოშიც ფეხის მოკიდებაზე, ვინაიდან ის რაც წლების განმავლობაში ავითვისე საზღვარგარეთ მოღვაწეობისას, მსურს აქ დავნერგო და ვიყო პიონერი იმ სისტემების დანერგვისა, რომლებსაც საქართველოში ჯერ არ იცნობენ და რაც საგრძნობლად დაეხმარება არა მხოლოდ მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში წინსვლას, არამედ კონკრეტულად გაზრდის დამსვენებელთა რაოდენობას საქართველოში.

დღეს საქართველოს ტურისტული სისტემა საჭიროებს უფრო გლობალურ ტურისტთა გაცვლის სტრუქტურებში გაწევრიანებას, როგორიცაა მაგალითად “ინტერვალი” და ისეთი არასტანდარტული უძრავი ქონების გაყიდვების სისტემების ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს არამარტო შიდა და რეგიონალური ტურიზმის განვითარებას, არამედ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს ტურისტული პოტენციალით.

სამწუხაროდ საქართველოს ისე არ იცნობენ დასავლეთში, როგორც უნდა იცნობდნენ ჩვენი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, თუმცა მჯერა არ არის შორი ის დრო, როდესაც საქართველო ტურისტულ მექად გადაიქცევა“, - ამბობს შალვა დოლაქიძე.
უკან დაბრუნება
3397ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი