შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.12.2015 | 22:24

ქართველი სტუდენტების სტარტაპი Woody და ხის სათვალეებით დაწყებული ბიზნესი (ფოტო)

კატეგორია: ბიზნესი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-მ თბილისი მოლში გამოფენა-გაყიდვა გამართა. პროექტი „დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად“ მეშვეობით განხორციელდა.
 
გამოფენაზე გამარჯვებული სათვალეების კომპანია „Woodyglasses“ გახდა. მათ ერთ დღეში 1710 ლარის პროდუქტი გაყიდეს.

საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესკონტაქტი“ Woodyglasses-ის იდეის შემქმნელს, სანდრო ხუციშვილს ესაუბრა.

- სიმართლე გითხრათ, არასდროს არ ყოფილა ჩემი ოცნება ხისგან შემექმნა სათვალეები და შემდგომ გამეყიდა. თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტები, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში , როდესაც საჭირო ხდება მომხმარებელს მიაწოდო არა ის პროდუქტი რაც შენ გინდა რომ გაყიდო, არამედ ის პროდუქტი რაც მათ სჭირდებათ.

მეგობრებისგან ვიცოდი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და Fablab-ის საქმიანობის შესახება და იმ ტექნიკის შესახებაც რაც ამ ბიზნეს ინკუპატორში არსებობს . ყოველთვის მინდოდა ეს ტექნიკა გამომეყებინა მაქსიმალურად ნაყოფიერად და სწორედ რამდენიმე თვის წინ გავიგე , რომ ბიზნეს მარათონი ამის საშუალებას უფასოდ მაძლევდა პროექტის ფარგლებში . დაახლოებით 2 წელია რაც ბიზნეს გეგმებს ვწერთ მე და ჩემი მეგობრები და შემდგომ ინვესტორებს ვეძებთ, რამაც საკმაოდ გამიადვილა ამ პროექტზე მუშაობა. 2 თვის წინ დავიწყეთ ამ პროექტზე ფიქრი და პროდუქტი, რომელიც აკლდა ქართულ ბაზარს სწორედ ხის სათვალეები იყო.

- იყო თუ არა ეს თქვენი პირველი პროდუქცია და პირველი საჯარო გამოჩენა გამოფენის ფარგლებში?

თბილისი მოლის ფარგლებში ეს იყო ჩვენი პირველი გამოფენა - გაყიდვა, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოგეხსენებათ რეკორდიც კი მოვხსენით ამ პროექტის ისტორიაში გაყიდული პროდუქციის და ამან ერთი ორად გაგვიზარდა სტიმული, ვაწარმოოთ მეტი. ჩვენ გვქონდა მოწვევა ქართული პროდუქტის ეროვნულ დღეზეც მაგრამ, სამწუხაროდ საწევრო თანხის შეგროვება, რომელიც 1000 ლარს შეადგენდა ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, თუმცა კიდევ ძალიან ბევრ ღონისძიებაზე გვაქვს მოწვევა და აუცილებლად გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას.

- იყიდება თუ არა თქვენი პროდუქცია რომელიმე მაღაზიაში, სად ხდება მისი რეალიზება?

- ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოიფარგლება, მაღაზიის ქირა დამატებითი ხარჯია, ამიტომ მაღაზიის გახსნაზე ჯერ არ ვფიქრობთ, მაგრამ აუცილებლად გავხსნით. თავდაპირველი რეალიზება ხდება Facebook გვერდის საშუალებით და გამოფენა გაყიდვებზე, სადაც გადასახადებისგან თავისუფლები ვართ, აქედან გამომდინარე ის თანხა რაც შემოგვდის მთლიანად ხმარდება ბიზნესის განვითარებას. გუნდის წევრების უმრავლესობა სტუდენტები ვართ და თითოეული თეთრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თითო სათვალის დამზადებას სჭირდება 3-4 დღე. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროდუქტის ფასი, გადავწყვიტეთ, ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი ფენის მომხმარებლისთვის. სათვალის ფასი მერყეობს 75 ლარიდან 250 ლარამდე.

- რით არის პროდუქცია გამორჩეული?

 - ჩვენი პროდუქცია არის სათვალეების ხაზის ინოვაციური ვარიანტი , რომელიც საშუალებას გაძლევს თავად ააწყო თქვენთვის სასურველი სათვალე ნებისმიერი დიზაინით , დეტალით და ნებისმიერი გრავირებით.

- როგორია სამომავლო გეგმები? ხომ არ ფიქრობთ ბიზნესის და წარმოების გაფართოვებას?

- გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, როგორც ბიზნესისა და წარმოების გაფართოვებაზე, ასევე პროდუქციის დახვეწასა და მომხმარებლისთვის უფრო ფართო ასორტიმენტის შეთავაზებაზე. მომავალი წლამდე ვაპირებთ დავგეგმოთ ყველა ის აქტივობა, რომელსაც 2016 წელს განვახორციელებთ. ვაპირებთ ასევე ბუნების დაცვის კუთხით აქტიურ მუშაობას და იმ მასალის ჩანაცვლებას, რასაც კომპანიები იყენებენ ხის პროდუქციის დასამზადებლად.

- თქვენი აზრით რამდენად განვითარებულია დღეს საქართველოში მეწარმეობა და რა არის ის ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობენ ან უშლიან ახალგაზრდებს რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ?

- 2012 წელს , როდესაც მე ჩავაბარე უნივერსიტეტში, მსგავს პროექტებზე, ასევე მეწარმეობაზე, მითუმეტეს ახალგაზრდების წამოწყებებზე საკმაოდ მწირე ინფორმაცია მქონდა და მაშინ პრაქტიკულად არც იყო მსგავსი მასშტაბებით ჩატარებული ღონისძიებები, არც ბიზნეს წამოწყებებით გვათამამბდნენ მაღალი კურსის სტუდენტები . ბოლო წლებში უფრო გამოიკვეთნენ ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ თვითონ შექმნან სიახლეები და თავად გაუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. სწორედ ისეთი პროექტი, როგორიცაა ბიზნეს მარათონი, ხელს უწყობს ახალგაზრდებში თვითრეალიზების უნარის განვითარებას და ინდივიდუალურად დიდი პროექტებზე მუშაობას. Start up არის ჩემი საყვარელი სიტყვა, რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის.

რაც შეეხება ხელის შემშლელ ფაქტორებს, ეს ძირითადად არის ის დიდი კომპანიები, რომლებიც რაღაც დონით ზოგ შემთხვევაში აშინებენ თავისი კონკურენციით ამ პატარა წამოწყებებს. მაგრამ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც პირიქით ხელს უწყობენ ახალგაზრდების წამოწყებებს და ძალიან დიდ თანხებსაც დებენ მათ განვითარებაში. მეორე ხელის შემშლელი ფაქტორი არის ინფორმაციის ნაკლებობა, პრაქტიკულად ეს სერვისიც განვითარების სტადიაზეა და იმედი მაქვს ახლო მომავალში ყველა ახალგაზრდა მეწარმეს ეცოდინება საქართველოში მიმდინარე მისთვის სასურველ პროექტზე სრული ინფორმაცია.
უკან დაბრუნება
6192ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი