კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.11.2015 | 12:38

ქეთევან ნატრიაშვილი: კერძო სექტორის ჩართულობა გვეხმარება, რომ საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზარს მოვარგოთ

ავტორი: საქმიანი დილა
კატეგორია: განათლება
2016 წლის განათლებასა და მეცნიერებაში განსახორციელებელ გეგმებზე გადაცემა "საქმიან დილაში" მეცნიერებისა და განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საუბრობს.

- განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი რამდენად მზარდი იყო ბოლო წლების განმავლობაში და რა არის წელს ძირითადი მიმართულებები, რაზეც გადანაწილდა ეს ხარჯები?

- განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ამ ხელისუფლებისათვის პრიორიტეტია. შესაბამისად, განათლების პროცესებს რესურსები, ფინანსები სჭირდება და სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ემატება განათლებასა და მეცნიერებას ბიუჯეტი და 55,5%-ით გაიზარდა. შესაბამისდ, რესურსები სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდა. აღსანიშნავია პროფესიული განათლებაც, რომელსაც სათანადო ყურადღება ეთმობა იმისათვის, რომ განვითარდეს და მან ადამიანების განათლებასა და დასაქმებას შეუწყოს ხელი. ეს კომპონენტი  ყველაზე მცირედი გახლდათ განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტში,  2%-მდე ჰქონდა რესურსი დათმობილი და დღეს დაახლოებით 5%-მდეა გაზრდილი.

- პროფესიული განათლების მიმართულებით, გაიზარდა თუ არა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და კონკრეტულად სად?

-ეს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა პროფესიულ განათლებაში. პროფესიული განათლების სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცებულია, ყურადღება ეთმობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაძლიერებას. დღესდღეისობით უკვე დაფუძნებელია სამი ახალი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების სისტემაში. ასევეა სპორტის მიმართულებით ახალი სასწავლებელი დაფუძნდა. გარდა ამისა, ვაგრძელებთ ხელშეწყობას, უკვე არსებული სასწავლებლების გაძლიერებას და მათ სხვადასხვა ლოკაციებზე  დამატებით განშტოებებს ვუხსნით. შვიდი ასეთი განშტოება აქვთ უკვე არსებულ სასწავლებლებს და ოთხი ახალი პროფესიული სასწავლებელია ამ მომენტისთვის დაფუძნებული. ვგეგმავთ, რომ ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელოთ და ეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმაშიც შეტანილია.

- ხელმისაწვდომობის მიზნით, გაფართოვდება თუ არა არიელი 2016 წელს გეოგრაფიული მიმართულებით?

- არსბული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებას გავაგრძელებთ. გარდა ამისა, კერძო სექტორთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით კიდევ უფრო გავაფართოვებთ. ამის კარგი მაგალითია წელს დაფუძნებული რკინიგზის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია კონცეტრირებული. ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუცილებლად რეგიონებშიც განვითარდება.

- ამ მიმართულებით კერძო სექტორთან როგორ თანამშრომლობთ?

- კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების ყველა ეტაპზეა მნიშვნელოვანი, დაგეგმიდან დაწყებული, განხორციელებით დამთავრებული. შემოვიღეთ სპეციალური, მეთოდოლოგია ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის მეშვეობით და პროფესიული სტანდარტის, პროგრამების შემუშავების პროცესშიც კი ჩართულები არიან დამსაქმებლები. სწორედ ეს გვეხმარება, რომ მოვარგოთ საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნას.

- ერთ-ერთი პრობლემა იყო მასწავლებლების მომზადება. ჩატარდა გამოცდები, რომელმაც გამოაჩინა, რომ ბევრი პედაგოგი სათანადო დონეზე არ იყო მომზადებული. მომავალ წელს იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასწავლებლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება?

- მასწავლებლების კვალიფიკაციის ხელშეწყობა, ამაღლება, მათი პროფესიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ზოგადი განათლების ნაწილში უკვე სერიოზული სამუშაოა ჩატარებული და არსებობს სქემა პროფესიული განვითარებისა და ხელშეწყობის. ამ მიმართულებით, უკვე საკმაოდ კარგი ნაბიჯებია გადადგმული. მასწავლებლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით დაახლოებით 13 მილიონი ლარია ბიუჯეტში ჩადებული, რომელიც გათვალისწინებულია სწორედ ამ ხელშემწყობ პროგრამებზე. მათ შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროგრამებში და კვალიფიკაცია აიმაღლონ. 2016-2017 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს გაუტოლდება და ცოტა უფრო მაღალიც იქნება.

- 2015 წელს საერთო საცხოვრებლების მიმართულებით რა პროექტები განხორციელდა, გაიზარდა თუ არა მათი რიცხვი და 2016-ში რას გეგმავთ?

- ეს ძალიან საინტერესო თემაა. ალბათ ოცი წელი საერთო საცხოვრებლების თემაზე არავის არ უმუშავია. დღევანდეკლი ხელისუფლების პირობებში, საერთო საცხოვრებლების რეაბილიტაცია და მშენებლობა დაიწყო. დღეის მდგომარეობით, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბითაც ამას დიდი ყურადღება ექცევა. მაგალითად, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს უკვე აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც დაახლოებით ორმოც სტუდენტზეა გათვლილი. კიდევ არის სენაკში, სადაც 30 სტუდენტზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალციხის უნივერსიტეტს ახალქალაქში აქვს 200 სტუდენტზე უკვე რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. პრემიერის ინიციატივით, თბილისშიც ლისის ტერიტორიაზე 320 სტუდენტზე უკვე მიმდინარეობს მშენებლობა. პირობები საკმაოდ კარგია. გარდა ამისა, მე-200 სკოლასაც აქვს უკვე საერთო საცხოვრებელი და პროფესიული განათლების მიმართულებითაც მუშაობა დაწყებულია. მომავალ წელს სტუდენტთა საერთო საცხოვრების მშენებლობას მესტიაში დავიწყებთ და ეს ინიციატივა გაგრძელდება გამოკვეთილი საჭიროების მიხედვით.

- სკოლების გათბობასთან დაკავშრებით ყველაფერი მოგვარებულია თუ მიმდინარეობს სამუშაოები?

- ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვყავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლებისა და მეცნიერების სისტემაში, რომელიც სკოლებთან მუშაობს და ახდენს გათბობის სისტემის რეაბილიტაციას. კონკრეტული, პატარა ტექნიკური ხარვეზები შეიძლება იყოს ფუნქციონირების პერიოდშიც, რადგან დიდი დატვირთვით როდესაც მუშაობს გარკვეული ხარვეზები სისტემას შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამაზე რეაგირება დაუყონებლივ ხდება. არის საკითხები, რომლებსაც სკოლა საკუთარი კომპეტენციის პირობებში აგვარებს, როდესაც ამას არ სჭირდება დიდი რესურსი და სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა, მაგრამ თუ კი რაიმე საჭიროება დგას სააგენტოს მხრის, ამაზე სკოლა გვაცნობებს და მყისიერად ხდება რეაგირება.
უკან დაბრუნება
274ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი