შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.01.2016 | 16:16

"ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს მხრიდან, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა

კატეგორია: ბიზნესი
2015 წლის 12 თებერვალს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გადაგზავნილ იქნა შპს „MG”-ის, უცხოური საწარმოს ფილიალის - „ვიბრო დიაგნოსტიკი FZE”-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს წერილები, რომელთა შესაბამისადაც, კომპანიები ეკონომიკის სამინისტროს ატყობინებდნენ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესახებ.
 
კომპანიები აპელირებდნენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს „MG”-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „MG”-ის საწვავი უნდა შეესყიდა ბათუმის ნავთობტერმინალში. სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად, შპს „MG”-ის ესაჭიროებოდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე არსებული მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის ვაგონცისტერნის შეკვეთა და შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტრაგენტად დადგომა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შპს „ლუკოილ ჯორჯია“-მ და უცხოური საწარმოს ფილიალმა „ვიბრო დიაგნოსტიკ“-მა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალ“-ს მიმართეს შპს „MG“-ის კონტრაგენტად დადგომის მოთხოვნით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, განმცხადებლის ინფორმაციით, სახეზე იყო შერჩევითი მიდგომა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მხრიდან მისასვლელი ლიანდაგის სარგებლობასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემისას, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, სახელდობრ - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 მარტს გამოცემული N34 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტსა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინლათა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად.
მოკველვის პროცესში, სააგენტოს მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია კომპანიებს შორის საქართველოს სასამართლოებში არსებულ საქმეთა შესახებ და მიღებულ იქნა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება (საქმე N728699-15) (განმცხადებლები - ლიბრა თრეიდინგ FZC და უცხოური საწარმოს ფილიალი ვიბრო დიაგნოსტიკ - VIBRO DIAGNOSTIK) და „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 13 ივლისს მიღებული განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“. ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნის დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა.

""კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 332 მუხლის შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს საჩივარს, თუ იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეთა შორის სასამართლო წარმოებაში არის საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მიღებული აქვს საქმის მოკვლევის სპეციალური წესი, რაც დამტკიცებულია „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N30/09-5 ბრძანებით, და ამასთან, საქმის მოკვლევა დაწყებულ იქნა არა საჩივრის, არამედ სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულ უნდა იქნეს ის ძირითადი პრიციპები, რაც მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. შესაბამისად, საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძველი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილვის დაუშვებლობას, ვრცელდება სააგენტოზეც.

ხსენებულის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოსათვის აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა საქმის მოკვლევის დაწყების შემდგომ - 2015 წლის 17 ივლისს, ანუ მას შემდეგ, რაც შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთა შესახებ.

როგორც ზემოაღნიშნულიდან დგინდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საფუძველი დადგა 2015 წლის 4 მარტს, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე გამოცემულ იქნებოდა სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე. თუმცა სააგენტომ შესაბამისი გარემოების შესახებ შეიტყო 2015 წლის ივლისში, რაც გახდა სააგენტოს მიერ ამ ნაწილში წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყება მოხდა არა მხოლოდ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ტერიტორიაზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, შავი ზღვის ტერიტორიაზე მოქმედ ტერმინალთა საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ამდენად, დაწყებული მოკვლევის სრულად შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და წარმოება გაგრძელდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება შავი ზღვის ტერიტორიაზე მოქმედ ტერმინალთა საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრას სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის N189 ბრძანების შესაბამისად.
მოკვლევის პროცესში სააგენტომ მიიღო ინფორაცია, როგორც სხვადასხვა უწყების მხრიდან, ასევე, შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგანაც როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ახსნა-განმარტებების სახითაც", - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში. 

"საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის შესწავლა სააგენტოს მიერ განხორციელდა ზოგადად, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მოკვლევის დაწყების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი იყო როგორც შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა სუბიექტისათვის, ასევე, საზოგადოებისათვისაც. მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტოსათვის არ მიუმართავს არც ერთ პირს, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო დაზარალებული ეკონომიკურ აგენტთა მიერ განხორციელებული არაჯანსაღი კონკურენტული ქმედებების შედეგად.

შესაბამისად, სააგენტომ საკითხის შესწავლა განახორციელა მოკვლევის პროცესში გამოთხოვილ და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხსენებული ინფორმაცია არ მოიცავდა იმგვარი სახის მტკიცებულებას, რომელსაც შეეძლო წარმოეშვა ნავთობტერმინალთა მიერ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული ქმედების განხორციელების ეჭვი.

ამდენად, მის ხელთარსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სააგენტომ არ განიხილა საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობის საკითხი და საკითხის შეფასება განახორციელა მხოლოდ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლთან მიმართებით.

რაც შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შეფასების ფაქტს, შეფასება განხორციელდა ორი ძირითადი მიმართულებით:

1. დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა;
2. დომინირებული მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში, განსახილველი ქმედების შესაბამისობის დადგენა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

1. დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განსაზღვრულ მომსახურების ბაზარზე, რომლის გაწევაზე უარის თქმის ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობდა უშუალოდ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიმართ, სააგენტოს არ შეუფასებია შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს საბაზრო წილის პროცენტული მაჩვენებელი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ როგორც თბილისის, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი განჩინება იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეთა შორის, რაც სააგენტოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა.

რაც შეეხება უშუალოდ შავი ზღვის ნავთობტერმინალების საქმიანობის შემოწმების მიზნებისათვის განსაზღვრულ ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სასაქონლო ბაზრებს - ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტს წარმოადგენდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რადგან მისი საბაზრო წილი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტიკულ, ფორმალურ ზღვარზე - 40%-ზე მეტი იყო სამივე წლის განმავლობაში ორივე სასაქობლო ბაზარზე - როგორც ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის, ასევე ჩატვირთვის სასაქონლო ბაზარზე.

2. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

დომინირებული მდგომარეობის დადასტურების შემდეგ, სააგენტომ შეაფასა განსახილველი ქმედების შესაბამისობა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მოთხოვნებთან. ვინაიდან სააგენტო საქმის განხილვის პროცესში ეყრდნობა როგორც მხარეთა შორის შეჯიბრობითობის, ასევე ადმინისტრაციული წარმოებისთვის დამახასიათებელ ინკვიზიციურობის პრინციპებს, პირველ რიგში შეფასდა სააგენტოს ხელთ არსებული გარემოებები და ქმედებები, ხოლო შემდეგ განხორციელდა გამოკვლევა - ხომ არ ჰქონდა ადგილი სხვა რაიმე სახის დარღვევას.

შესაბამისად, სააგენტომ შეაფასა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს, როგორც დომინანტი კომპანიის, საბაზრო ქცევა ნავთობპროდუქტების ჩატვრითვა-გადატვირთვის მომსახურების ბაზრებზე მის მიერ სხვადასხვა ეკონომიკური აგენტებისათავის შეთავაზებული მომსახურების ტარიფების ურთიერთშედარების საფუძველზე.

შესასწავლ პერიოდში, შპს "ბათუმის ნავთობტერმინალ"-ში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის სატარიფო მომსახურებას, იმისდა მიხედვით, თუ რა სახის პროდუქცია, რა მოცულობით იტვირთებოდა ვაგონიდან გემში და პირიქით. შესაბამისად, მომსახურების დადგენილი ტარიფის საშუალო წლიური სიდიდის ცვლილება 1 ტონაზე გაანგარიშებით დამოკიდებული იყო და არის გადასატვირთი ტვირთის მოცულობაზე და სახეობაზე.

ამდენად, სააგენტოს მიერ სხვადასხვა ეკონომიკური აგენტებისათვის შეთავაზებული ტარიფების ურთიერთშედარების შედეგად არ გამოიკვეთა რაიმე სახის სახის კონკურენციის შემზღუდველი ქმედება, რომელიც შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოშობდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმის მოკვლევის პროცესში, სააგენტოს არ მიმართა არც ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაზარალებული შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ქცევის შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მიერ წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები.

რაც შეეხება, ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ბაზარზე ქ. ფოთში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შპს ,,არგოტრანს ჯორჯია"-სა და შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“-ს - ისინი არ წარმოადგენენ დომინანტ სუბიექტებს, მათი საბაზრო წილის უმნიშვნელო ოდენობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სააგენტოს ხელთარსებული ინფორმაციის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს არ უმსჯელია მათი მხრიდან „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის შესაძლო ფაქტთან მიმართებით.

საბოლოოდ, სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 30 დეკემბერის №202 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იქნა დადასტურებული შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს მხრიდან, ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. 
უკან დაბრუნება
428ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი