შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.12.2015 | 13:13

"ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი ფანტასტიკის სფეროა"

კატეგორია: ეკონომიკა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთის გავლით, კოდორის ხეობამდე, - პროექტის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს რუსულ და აფხაზურ მედია საშუალებებში გავრცელდა. უცხოური მედიის ცნობით, პროექტის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია და მასთან დაკავშირებით მემორანდუმი ჩინერ „China Railway“-სთან ფორმდება. პროექტი პორტის მშენებლობასაც ითვალისწინებს. რუსული მედიის ცნობით, გამართულ შეხვედრებს რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზური მხარეც ესწრებოდა. პროექტი არარეალისტურად მიაჩნია საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ჯინჯოლიას. მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად 3 მილიარდიც არ იქნება საკმარისი.
 
- თქვენი აზრით, რამდენად რეალურია პროექტი?

- გეოგრაფიიდან გამომდინარე ეს პროექტი თეორიიდან პრაქტიკაში განხორციელების კუთხით, საკმაოდ ძვირი დაჯდება და ვერანაირ აზრს ამაში პირადად მე ვერ ვხედავ.

- დასახელებული თანხა 3 მილიარდ დოლარამდე შეიძლება არ ეყოს?

- რამდენადაც მე წავიკითხე ამ 3 მილიარდში იგულისხმებოდა ოჩამჩირეში პორტის განვითარება. პორტი ოჩამჩირეში რუსეთისთვის საინტერესო იმ თვალსაზრისით შეიძლება იყოს, რომ ერთადერთი ღრმა ადგილი ანაკლიის გარდა არის ოჩამჩირე და ეს სამხედრო დანიშნულების კუთხით შეიძლება გამოიყენონ. თუმცა, როგორც ასეთი აფხაზეთთან გინდა საავტომობილო, გინდა სარკინიგზო შეერთება საერთოდ ფანტასტიკის სფეროდან არის.

- მიზეზი ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიაა?

- არის უკვე არსებული შეერთება სარკინიგზო და კავშირი რუსეთასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არსებობს, არის საავტომობილოც. თუ ეს სტრატეგიული დაინტერესებისთვის არის საჭირო, რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ამხელა ინვესტიციებს თავის ტერიტორიის გარეთ ახორციელებდეს. რაც შეეხება ჩინურ მხარეს, თუ კომპანიები ხედავენ, რომ პოტენციური შეკვეთა არის, რომელშიც მას შეიძლება ფული გადაუხადონ, ბუნებრივია, მემორანდუმს ხელს მოაწერს. არ მგონია, რომ რუსეთს ესეთი გაუგებარი პროექტისთვის ზედმეტი 3 მილიარდი ჰქონდეს.

- ამ შემთხვევაში, ხარჯებს ჩინური მხარე იღებს თავის თავზე?

- არც ჩინური მხარე არ დახარჯავს კაპიკს, თუ კონკრეტული დაინტერესება არ ექნება. ამის საჭიროება არ არსებობს. ტვირთნაკადი დღეს იმაზე ნაკლებია რაც იყო, შესაბამისად აქ დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ბიზნესმოტივაცია არავის არ ექნება, თუ არ არის რაღაც გეოპოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი.

- შეიძლება ეს თეორიულად რაღაც დონეზე მაინც აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენასთან იყოს კავშირში?

- აბრეშუმის გზა ბევრი საუკუნეა არსებობს. სატვირთვო მიმოსვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის, აქამდეც არსებობდა. კარგი არის, რომ ახლა დაიძრა ახალი საკონტეინერო მატარებელი. კარგი პროექტია და წარმატებას ვუსურვებ, პირველ რიგში, “საქართველოს რკინიგზას’’. რაც მეტი ტვირთი გაივლის ბუნებრივია, უკეთესია. ამის ინიციატორი ყაზახური მხარე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმესთან ურთიერთობას წყვეტს. იმის ილუზია არ გვქონდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყაზახები, ან ჩინელები აქეთ გადმოერთვებიან და არ ივლიან იმ მარშუტით, რითაც აქამდე დადიოდნენ. ტვირთნაკადი არის მდინარესავით, სადაც კალაპოტს მოძებნის იქ წავა.

გადაცემა "ბიზნესკონტაქტი"
უკან დაბრუნება
348ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი