შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.12.2015 | 17:53

"გადასახადების გადახდის ადმინისტრირების დროის მაჩვენებლით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვაქვს"

კატეგორია: ბიზნესი
საჭიროებს თუ არა დღევანდელი საგადასახადო კოდექსი დახვეწას? - თემაზე გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი საუბრობს.
 
- ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსის ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზე საუბრობენ. როგორია აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია?

- ჩვენ რომ ავიღოთ ზოგადად საგადასახადო კანონმდებლობა და რეგულაციები, შეუძლებელია ერთ ჭრილში ვისაუბროთ და ეს ყველასთვის მისაღები იყოს. როდესაც ჩვენ რაიმე ტიპის რეგულაციაზე ვსაუბრობთ, მოგვწონს ის, თუ არა, შეფასების კრიტერიუმები უნდა ავიღოთ, რასთან შესაბამისობაშიც ვიტყვით მოგვწონს თუ არა.

უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ საგადასახადო პოლიტიკა, ქვეყნის მიდგომა დაბეგვრისადმი და თვითონ კანონმდებლობა როგორ სრულდება, როგორ ხდება მისი ადმინისტრირება და ბიზნესმენი პრაქტიკაში რა სახის ხარვეზებს აწყდება. სწორედ ადმინისტრირების ნაწილში იყრის ხოლმე თავს ის თემები, რაც ხშირად ბიზნესს აწუხებს. რასაც ჩვენ ვაწყდებით ხშირ შემთხევაში არის საგადასახადო კანონმდებლობის გაურკვევლობა და ის, რომ ბიზნესმენმა არ იცის სწორედ როგორ უნდა დაბეგროს ესა თუ ის ოპერაცია. ეს გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ბიზნესმენს არ უნდა გაიგოს, ან არ ჰყავს საკმარისად კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ამაზე კონსულტირებას გაუწევენ, არამედ არსებული კანონმდებლობა და ინსტრუქციები ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა.

- ფინანსთა მინისტრი ერთი წლის წინ აღნიშნავდა, რომ ბიზნესმენისთვის გარკვეული გზამკვლევი უნდა გაკეთდეს და ის ბუნდოვანებები, რაც თან ახლავს საგადასახადო კოდექსს აღმოფხვრილი უნდა იყოს. ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ, თუ არა გარკვეულ წინსვლებს ამ მიმართულებით, თუ ბუნდოვანებები კვლავ პრობლებად რჩება?

- ზოგადად ბევრი რაღაც დაიხვეწა, მაგრამ არსებითად საკითხი რომ გადაწყდეს, ვფიქრობთ, რომ აუცილებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ, სავალდებულო წესით გამოყენებული დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მხედველობაში არ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც უკვე ერთხელ მიღებული იყო მსგავს ქეისზე და ხელახლა მოხდა ამ საკითხზე ბიზნესმენის დაჯარიმება, ან საკითხის წამოწევა და დავების დროს ბიზნესმენს ხელახლა მოუწია იგივე საკითხის დამტკიცება. ამ შემთხვევაში ეფექტურობა ძალიან დაბალი იქნება და შესაბამისად, ძალიან დიდი უკმაყოფილებაც იქნება.

- ელექტრონული სერვისების შემოღებამ გარკვეულწილად მოაგვარა თუ არა ეს პრობლემა?

- ელექტრონული სერვისები, თავის მხრივ, ძალიან დადებითი მოვლენაა. მივესალმები ამას, იმიტომ რომ აღრიცხვიანობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დღეს ისეთი ბიზნესმენების კატეგორია შეიძლება ძალიან მცირე იყოს, რომლებიც ცდილობენ გადასახადებს თავი აარიდონ, ვინაიდან ამის გაკეთება პრაქტიკულად ძალიან რთულია და მეორეს მხრივ, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. არის მეორე საკითხი, როდესაც ბიზნესმენს პატიოსნად უნდა გდაიხადოს, მაგრამ არსებული კანონმდებლობა ან ინსტრუქციები ამის განხორციელების საკმარის საფუძველს და საშუალებას არ აძლევს.

- ფინანსური შემოწმების ხანგრძლივობა ბიზნესმენებისთვის ყველაზე დიდი სატკივარია. ამ მიმართულებით თუ გადაიდგა ნაბიჯები?

- მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ აქაც საკმარისი არ არის. რომ ავიღოთ შემოწმება თავისი ვადებით, აქ სისტემური მიდგომაა საჭირო და კონკრეტულად მიდგომის შეცვლა საგადასახადო შემოწმების ნაწილში.

ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. რისკზე დაფუძნებულ მიდგომაზე, - იგულისხმება საგადასახადო ორგანო შევიდეს შემოწმებაზე და მხოლოდ ის ნაწილები შეამოწმოს, სადაც შეიძლება რისკი არსებობდეს. როგორც პიროვნება ის დაცული უნდა იყოს.

- ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, მოგების გადასახადის გაუქმება იქნება ერთ-ერთი გამოსავალი. რამდენად შეუწყობს ხელს იგივე კონცეფციაზე მუშაობა და დაჩქარება, პრობლემის მოგვარებას გარკვეულწილად მაინც?

- ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ხაზს გავუსვამ, რომ მე გახლავართ ზუსტად ამ ასოაციაციის საგადასახადო საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენს ფარგლებში მოხდა ამ ინიციატივაზე მუშაობა. ეს არ არის მოგების გადასახადის გაუქმება, ეს არის მოგების გადასახადის ტიპის შეცვლა. განაწილებული იქნება მოგების გადასახადი, რასაც დამფუძნებელი კომპანია წაიღებს, როგორც დივიდენდი კომპანიიდან და მხოლოდ ის წილი დაიბეგრება კომბინირებული გადასახადი - მოგებას პლიუს დივიდენდი, რაც რეინვესტირება მოხდება კომპანიაში ის არ დაიბეგრება.

პირველ რიგში ბიზნესისთვის ეს შეღავათი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ნაკლები თანხიდან გადაიხდის გადასახადს. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ დრო ამ გადასახადის ადმინისტრირების მნიშვნელოვნად შემცირდება. დღეს გადასახადების გადახდის ნაწილში ადმინისტრირების დროის თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს დრო კი ამ რეფორმით მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა ეს ბევრ რისკებთან და ფაქტორებთან არის დაკავშირებული და ინიციატივა სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.
უკან დაბრუნება
548ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი