ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 10:44

"GWP"-მ 6 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

კატეგორია: ბიზნესი
სს "გალტ & თაგარტმა" და "პაშა ბანკმა", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) 6,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყვეს. თითოეული ობლიგაციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1,000 ლარს და ვადა 2 წელია. კუპონის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7.5%-იანი მარჟა. შესაბამისად, ობლიგაციის ეფექტური ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს წლიურ 15%-ს და გადახდა განხორციელდება ყოველკვარტალურად. საქართველოს საფონდო ბირჟაზე GWP-ის ობლიგაციის განმთავსებელი აგენტები, ერთობლივად, "პაშა ბანკი" და "გალტ & თაგარტი" არიან.
 
"ფაქტია, რომ დღეს უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ სახსრები დააბანდოს ჩვენს კომპანიაში, რადგან სანდოობა კომპანიის მიმართ გაზრდილია - ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც, რომელიც, სულ ახლახან, მიენიჭა GWP-ს", - განაცხადა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებითია საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია. "GWP-თვის ეს უკვე ობლიგაციების ემისიის მეორე რაუნდია, ამჯერად უკვე 6 მლნ ლარზე და გამოშვებული ობლიგაციები სრული მოცულობით თავსდება. პირველად, ობლიგაციების განთავსება მიმდინარე წლის აგვისტოში, 2.6 მლნ ლარის ოდენობით მოხდა. GWP-ის ახალი მენეჯმენტი მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან და ფონდებთან იმისთვის, რომ განხორციელდეს ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანია კომპანიის განვითრებისთვის“, - აღნიშნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

""პაშა ბანკი" აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც, ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს. მაისში ჩვენ უზრუნველვყავით ფინკა ბანკის 20,000,000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების განთავსება და მოხარულნი ვართ, რომ ამჯერად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და "გალტ & თაგარტთან" პარტნიორობაც ასევე წარმატებით შედგა. აღნიშნული თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ უკვე არსებული პარტნიორობა GWP-ისთან, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის მარტში ჩაეყარა, როდესაც "პაშა ბანკმა", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "რუსთავის წყალი" 22.5 მლნ ლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყო”, - განაცხადა "პაშა ბანკის" გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.

 
უკან დაბრუნება
210ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი