შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.01.2016 | 18:18

"პროდიუსერებს შევთავაზებთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი გადასაღები მოედანი გახდეს"

კატეგორია: ეკონომიკა
"გადაიღე საქართველოში" - დღეიდან პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვითაც საქართველოში კინოს გადაღებისას მწარმოებლები ხარჯების 25 პროცენტის უკან დაბრუნებას შეძლებენ.
 
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, რომ პროგრამის ახალი კომპონენტი კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ამ კომპონენტიდან, ის არის რომ საქართველოს ექნება შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი გადასაღები მოედანი გახდეს.

"კინოინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ამ კუთხით, უამრავი თანხა იხარჯება. წამყვან ქვეყნებს გამოვყოფ, მათ შორის აშშ-ს, ინდოეთს, სადაც ყოველ წელს ათასობით ფილმი იქმნება და აღსანიშნავია, რომ ფილმების 50 პროცენტს ამ ქვეყნების გარეთ იღებენ. ჩვენც გვსურს, რომ ამ პროცესებში აქტიურად ჩავერთოთ და უცხოელ და ადგილობრივ პროდიუსერებს შევთავაზოთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი გადასაღები მოედანი გახდეს. საქართველოს ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი პირობა გააჩნია, მათ შორის არის ბიზნესგარემო და დაბალი გადასახადები. ასევე აღვნიშნავ იმ დიდი კინოინდუსტრიის ისტორიას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, 100 წლის განმავლობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წახალისების სქემა პოლიტიკური ნება იყო. ამ ინიციატივაზე არა ერთხელ ყოფილა საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად გადაიდგა ეს ნაბიჯი, განკარგულება გამოიცა და წახალისების სქემა დაიგეგმა. ეს კინოპროდიუსერებს ძალიან დიდ სტიმულირებას გაუწევს.

ასეთი სქემის დანერგვა, არის ახალი ველოსიპედი, - ეს არის უკვე კარგად გამოცდილი მექანიზმი, რომელიც ბევრ ქვეყანაში დანერგილია და სწორედ აქედან გამომდინარე განვითარდა იქ კინოინდუსტრია. პროგრამით იმ კვალიფიციური ხარჯის უკან დაბრუნება ხდება, რომელსაც აუდიტორული კომპანია დაადასტურებს. ეს ის ხარჯია, რომელიც საქართველოში გაიწევა და ქართველ რეზიდენტ კომპანიებს მიეცემათ. აქედან გამომდინარე, ეს ბევრ სხვა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან კინოინდუსტრია არ არის მხოლოდ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, მას ძალიან მაღალი გადადინების ეფექტი აქვს. აქ ჩართულია, როგორც ტურიზმის სფერო, ისე ლოჯისტიკა, კვებითი და საფეიქრო მრეწველობები და ა.შ.
 
სხვადასხვა ქვეყნებიდან პროდუსერები ჩამოდიან და ჩვენს ქვეყანას ათვალიერებენ. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ ხდებოდა სისტემატურად ფილმების გადაღება იყო ზუსტად ის, რომ წახალისების სქემა არ არსებობდა. ჩვენ ამ შემთხვევაში კონკურენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ვუწევთ. ნახევარი წელი დაგვჭირდება, რომ ეს სისტემა ყველა იმ პროდიუსერს აქტიურად გავაცნოთ, რომელიც უახლოეს მომავალში ფილმის გადაღებას გეგმავს. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს აშშ-დან და ინდოეთიდან არაერთი საინტერესო პროექტი გვექნება. სექტემბერში ჩვენთან იყო “დისნეის" წარმომადგენლობა, რომლიც ვიცე-პრეზიდენტმაც ჩვენს მიერ შემუშავებულ მექანიზმებს გადახედა, რეკომენდაციები გაგვიწია და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმები კინოპროდიუსერებისთვის ძალიან ხელსაყრელია და მისი დანერგვის შემდეგ განიხილავენ, რომ საქართველო ერთ-ერთ გადასაღებ ლოკაციად მოიაზრონ," - აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი.
უკან დაბრუნება
319ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი