შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 16:22

"სამარემდე ჩავყვები", - დაზარალებული ბიზნესმენი ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წევრებს უჩივის

კატეგორია: ბიზნესი
"წინანდლის ძველი მარნის" დირექტორი იმ პირების კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს რომელთაც თავად ის უკვე საკმაოდ დიდი ხანია სასამართლოში უკანონო საქმიანობაში ამხელს და მიუხედავად ამისა, ეს პირები მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან და მისი თქმით, მოწმეებზე ზეწოლას ახდენენ.
 
- ბატონო ალექსანდრე, თქვენი საქმე უკვე დიდი ხანია სასამართლოშია, რა ხდება "წინანდლის ძველი მარნის" ირგვლივ და დღეს თუ არის რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით?

- ჩემი საქმე უკვე მეოთხე წელია, რაც მიმდინარეობს და ის 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. მანამდე კახეთის "კუდის" უშუალო მითითებით დაკავებული ვიყავი. მოთხოვნილი იყო, რომ კახეთის კუდისთვის 100 00 აშშ დოლარი უნდა გადაგვეხადა. მე გარკვეული თანხის ნაწილი მივიტანე და ისინი ამაზე განაწყენდნენ. შემდეგ სპეციალური სპექტაკლი დადგეს, როგორც დღეს ვლინდება, ეს მათი მუშაობის ჩვეულებრივი მეთოდი იყო. მაშინდელმა კუდის თანამშრომლებმა დამაკავეს და გლდანში ხუთი თვის განმავლობაში ვიყავი. პრინციპში დღეს ისევ ის პირები მუშაობენ, ოღონდ სუსი ჰქვია. სახელწოდება შეეცვალა, კუდს სუსი დაერქვა, მაგრამ იგივე პიროვნებები მუშაობენ იმ სამსახურებში. ოთხი თვის განმავლობაში, გლდანის მერვე დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებში, ტანჯვა-წამებაში ვიყავი. ორი თვის თავზე შემოდიოდა უკვე მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმა - დათო ლორთქიფანიძე, რომელიც ითხოვდა, რომ მათთვის რვა "ტოიოტა პრადო" მეყიდა. ოთხი თვის თავზე ციხიდან თვითონვე გამომიყვანეს, ერთი "ლენდკრუიზერ 200" და ორი "ტოიოტა" მაყიდინეს. “ლენდკრუიზერ 200"-ი "მათე მოტორსიდან", ხოლო ორი "ტოიოტა" კი ტოიოტას ცენტრიდან გამოიყვანეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს დავა დღემდე გრძელდება. სასამართლო პროცესი თვეში ერთხელ ინიშნება და უკვე 21 სასამართლო პროცესია გადადებული, უშუალოდ პროკურატურის ჩარევით.

- მიზეზი რა არის?

- მიზეზი არის ის, რომ ამ საქმეში ხუტა პაჭკორიაა ჩარეული, რომელიც იმ პერიოდისთვის 2012 წლამდე კახეთის საფინანსო პოლიციის უფროსად მუშაობდა. ამავე პერიოდში ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა ქვემო ქართლის უფროდსად და ამათ დაულაგეს ყველა სიტუაცია ლალიაშვილს, რომელიც კახეთის კუდის უფროსი იყო და ლორთქიფანიძეს და უზუნაშვილს. ამ საქმეს დღემდე ლობირებენ ხუტა პაჭკორია, რომელიც დღეს აეროპორტის უსაფრთხოების უფროსია და ოთარ ფარცხალაძე. რაც შეეხება უზუნაშვილს, ის მაშინ როდესაც მე დამაკავეს ახმეტა-თელავის კუდის უფროსი იყო და მას დღეს სამი რაიონი სიღნაღი, დედოფლისწყარო და ლაგოდეხი ჩააბარეს. კახეთში, მითუმეტეს თელავში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, კახეთის კუდს სახელი შეეცვალა და გახდა სუსი. ის პიროვნებები, ვინც ჩემს საქმეში მონაწილეობდნენ ოთარაშვილები, საჩიშვილები, ქინქლაძეები დღემდე ჩვეულებრივად მუშაობენ. საჩიშვილი, რომელიც იმ პერიოდისთვის თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, დღეს ქალაქ თელავის მერის მოადგილეა. სწორედ მან ბიჭები, ჩემი თანამშრომლები ცემაში დალეწა წყლით სავსე ბოთლებით, რათა ეთქმევინებინათ, რომ სანდრო მეგუთნიშვილმა კუდის თანამშრომლებს მანქანა დაუმტვრია. ეს პიროვნება თელავის მერის მოადგიილეა და მას სესიაშვილი მფარველობს, რომლის კარის მეზობელიც არის. სესიაშვილი წარმოშობით თელაველია. ამ დანარჩენ კუდის თანამშრომლებს, ვინც მოგახსენეთ, თავისი გავლენებით დღემდე ფარცხალაძე მფარველობს.

- ზარალზე და ზიანზე რას გვეტყვით?

- 100 000 აშშ დოლარი მაქვს მაგათთვის გადაცემული, რითაც ეს ავტომობილები შეიძინეს და პლიუს 30 000 მაქვს ბიუჯეტში გადახდილი და ამის მერე გამომიყვანეს ციხიდან და სანამ ავტომობილები არ ვიყიდე, მანამდე განაჩენი არ გამოუტანიათ. ციხიდან 3 დეკემბერს გამომიყვანეს, 31 მარტს ბოლო ფული გადავიხადე და 12 აპრილს დადგა ჩემი განაჩენი, ისიც ორწლიანი პირობითი სასჯელი მომისაჯეს. დღემდე ამ საქმეზე დავრბივარ და ერთი ნაბიჯი არ არის წინ გადადგმული. უშუალოდ პროკურატურა არის დაინტერესებული, რომ რამენაირად ლალიაშვილი და ლორთქიფანიძე გამოიყვანონ ამ სიტუაციიდან. პროკურატურაში მთავარ პროკურატურას ვგულისხმობ და არა საოქლო პროკურატურას. თელავში აბსოლუტურად არაფერი არ შეუძლიათ, ყველა დავალება მთავარი პროკურატურიდან მოდის.

- რას აპირებთ?

- სამარემდე ჩავყვები, ამათ თავს არ დავანებებ. ჩემს შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ და არც იმ ტანჯვა-წამებას, რაც მათ ოთხი თვის განმავლობაში მომაყენეს. შეუძლებელია იმის გადმოცემა რა პირობებშიც ციხეში ვიყავი. მე უნდა დავთანხმებოდი რომ მათთვის რვა ავტომობილი შემეძინა, რასაც მე უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძლებდი. რომ მიხვდენენ ამას, ამის შემდეგ იმ სამ ავტომობილზე დამთანხმდნენ, რომლებიც მე მაყიდინეს. დღემდე იმ ავტომობილებით სარგებლობენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთი წლის წინ გენერალურ ინსპექციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადი შევიტანე, მაშინ უსაფრთხოების სამსახური ცალკე გამოყოფილი არ იყო,- უზუნაშვილთან დაკავშირებით. განცხადება დღემდე თაროზე უდევთ. არც დაუძახიათ, არც განუხილავთ, არც დაუკითხავთ უზუნაშვილი, პირიქით დაწინაურებულია, სამი რაიონი ჩააბარეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს დაადასტურებს, გუშინ დაინიშნა ბესო ამირანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იმ პერიოდისთვის, როდესაც ეს პიროვნებები დააკავეს ჩემს საქმეზე უშუალოდ ამ საქმეში ბესო ამირანაშვილი და ლექსო ჭიკაიძე მონაწილეობდნენ. ვინც ეს პიროვნებები პატიმრობაში აიყვანა. ამათ შეუძლიათ დაადასტურონ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ მე სიმართლეს ვამბობ თუ არა.
უკან დაბრუნება
1265ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი