ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.12.2015 | 18:49

"საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყველზე სტაბილური პარტნიორია ნებისმიერ ქვეყანასთან"

კატეგორია: ეკონომიკა
ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან.

- შეიძლება თუ არა საპოლიციო გამოსახლებასთან პრეზიდენტისგან ვეტოს ველოდოთ?

- პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ კანონი, თუმცა, მეორეს მხრივ უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ბიზნესის მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა ჩვენთან, თუმცა რამდნედაც ჩანს ამ საკითხზე კომუნიკაცია არც პარლამენტსა და ბიზნესს და არც მთავრობას და ბიზნესს შორის ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი გასულ წელს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნავდა და შემდეგ ეს ბევრჯერ გავიმეორეთ, რომ ნებისმიერი კანონპროექტის შემუშავებაში, ბიზნესი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, სანამ ის კანონად იქცევა. კანონპროექტი აშკარად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ალბათ მეტი განმარტებებია საჭირო.

- საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე კანონპროექტის საკონსტუტიციო სასამართლომდე მიტანას აპირებს...

- ბუნებრივია, ყველას აქვს ამის უფლება. მნიშვნელოვანია ამ კუთხით მთლიანობაში ბიზნესის პოზიცია. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ყოველთვის მეტი დაფიქრებაა საჭირო ყველა ტიპის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შემდგომში საკონსტუტიციო პრობლემების წინაშე დადგეს. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით.

- თურქმენეთში ვიზიტის ძირითადი მიზანი რა იყო და რა არის ის შედეგები, რა შედეგებითაც თქვენ საქართველოში დაბრუნდით?

- ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის უფრო უკეთ გამოყენება, ვიდრე ეს დღემდე ხდება. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის უპირატესობებზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობს. ამ კუთხით ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ეს პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. პრეზიდენტს ჰქონდა ბევრი ორმხრივი შეხვედრა. მათ შორის, შეხვედრა თურქმენეთის პრეზიდენტთან. ძალიან საინტერესო ტენდენცია იკვეთება საქართველოს როლზე აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაადგილების მიმართულებით. ფაქტია, რომ ჩვენ უკვე ამ კუთხით ვხედავთ ჩინეთის კიდევ უფრო მეტ აქტიურობას. მეორე მიმართულება არის ენერგეტიკული ნაწილი, სადაც თურქმენეთის როლი განსაკუთრებულია. აუცილებელია, რომ ჩვენ ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით სწორედ აღმოსავლეთ -დასავლეთის მარშუტზე ვიფიქროთ.

- გაზპრომთან მოლაპარაკებებს უყურებთ, თუ არა, როგორც დივერსიფიკაციას?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ჩვენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს შემდგომ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ამ კუთხით ნებისმნიერი ტიპის დივერსიფიკაციას საქართველოს როლის გაზრდა უნდა ემყარებოდეს აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებას, ანუ სამხრეთის გაზის კორიდორის მიმართულებას, რაშიც იგულისხმება თურქმენეთიდან კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებიდან მომავალი ბუნებრივი აირით დივერსიფიკაცია, როგორც შიდა მოხმარების, ისე შემდგომ ბუნებრივია, ევროპაში მიწოდება.

- შეიძლება თუ არა გაზპრომთან მოლაპარაკებებმა აზერბაიჯანთან ურთიერთობის შემთხვევაში სირთულეები შეგვიქმნას?

-აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, აზერბაიჯანის როლი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მაღალია. დღეს სწორედ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ჩართულები არიან იმ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, რაც ტანაპის და ტაპის პროექტია. ამ კუთხით სწორედ თურქმენულ გაზს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება, კასპიური გაზსადენის მშენებლობას და ვფიქრობ, რომ მეტი ძალისხმევა უნდა იყოს ამ პროექტის განხორციელებაში მიმართული. ევროკავშირი თურქმენული გაზის ევროპაში მიწოდების საკითხში ახალი აქტიური ფაზით ჩაერთო. “გაზპრომს’’ რაც შეეხება მოლაპარაკებებს გააჩნია, თუ ჩვენ დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, დივერსიფიკაციაზე უნდა ვიფიქროთ აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართიულებაზე და სამხრეთის გაზის კორიდორის გაძლიერებაზე.

- შეიძლება თ არა, რომ თურქეთ -რუსეთის დაპირისპირება ენერგოდაპირისპირებაშიც გადაიზარდოს, ეს ორი ქვეყანა ამ თვალსაზრისით ერთმანეთზე საკმაოდ დამოკიდებულია...

-ბუნებრივია, ამ ორი ქვეყნის ასეთი მწვავე ურთიერთობა რეგიონში გარკვეულ დაძაბულ ფონს ქმნის. ამ თვალსაზრისით მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყველზე სტაბილური პარტნიორია ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში. საქართველო ყველაზე სტაბილური პარტნიორია იმ თვალსაზრისით, რომ ის რეგიონში დასაყრდენი გახდეს ევროპისთვის და აზიისთვის, როგორც სასაქონლო ტვირთების გადაადგილების მიმართულებით, ისე ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით.

- თურქეთი უკვე ირანის გაზრდილ როლზე საუბრობს. შეიძლება თუ არა ირანი ამ კუთხით პარტნიორად განვიხილოთ?

- თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა ავღანეთის პრეზიტენთან. ავღანური მხარის ერთ - ერთი ინიციატივა არის ლაპისლაზურის სატრანსპორტო დერეფანი, ახალი სივრცე, რაც ავღანეთიდან მომავალი ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას გულისხმობს. ვფიქრობ, მთელი ყურადღება ამ პროექტების რეალიზებაზე უნდა იქნას გადართული, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

- საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო განცხადებაში, ოთხი ძირითადი აქცენტია: საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობა, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და გასაჯაროების ფორმატის გაუმჯობესება და სტრუქტურული რეფორმები. ამ აქცენტებს ეთანხმებით თუ არა და სტრუქტურულ რეფორმებში რა შეიძლება რომ ვიგულისხმოთ?

- ეს აბსოლუტურად ზუსტი აქცენტებია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ურთიერთობა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ფონდთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს.

- 20 მილიონ ესდიარს მივიღებთ?

- ცხადია, თუ საქართველო იმ რჩევებს შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იქნა დასახული. ამიტომ საჭირო არ არის მეტი ტურბულენტობა, საბანკო სექტორში ტურბულენტობის შექმნა. კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს ყველა რა რისკები შეუქმნა საბანკო ზედამხედველობის ასე გაუაზრებელმა, არაპროფესიონალურმა გატანამ და მსგავსი ტიპის შეცდომები თავიდან უნდა იქნას აცილებული.
უკან დაბრუნება
223ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი