ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
03.12.2015 | 14:24

"უბრალოდ გაჩუმდით და მოუსმინეთ დამწყებ მეწარმეებს", - ინტერვიუ ერნესტო სიროლისთან

კატეგორია: ექსკლუზივი
უბრალოდ გაჩუმდით და მოუსმინეთ დამწყებ მეწარმეებს - ასეთია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩული კონსულტანტის მიდგომა მეწარმეობის განვითარებასთან მიმართებაში. მეწარმეობის განვითარება ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, თუმცა კითხვაზე, როგორ უნდა ვითარდებოდეს მეწარმეობა, ძალიან საინტერესო და განსხვავებული მოსაზრებები აქვს ერნესტო სიროლის, რომელიც არაერთ ქვეყანაში მუშაობს დამწყებ მეწარმეებთან მათი ბიზნეს იდეების განხორციელების მიზნით. ის ახლახანს საქართველოში EY Georgia-ს მოწვევით იმყოფებოდა და შეხვდა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს. ერნესტო სიროლიმ "ბიზნესკონტაქტის" კითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა.
 
- უკვე შეხვდით ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორ გამოიყურება ქართული ბიზნესი თქვენს თვალში?

- ისინი ისევე გამოიყურებიან როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მთელს მსოფლიოში. დავრწმუნდი, რომ ადვილია მათთან კომუნიკაცია, მათ ისეთივე შეხედულებები აქვთ, როგორც სხვებს, ისეთივე კითხვები ჰქონდათ როგორც სხვებს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ჩემმა მიდგომამ საქართველოში, ან როგორ შეიძლება დარწმუნდეთ, რომ ბიზნეს იდეა გამოსადეგია რეალობაში განსახორციელებლად.
 
- როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ ამაში?
 
- ერთადერთი გზა, რომ გაიგოთ რამდენად აქვს იდეას განხორციელების შანსი, არის მისი პრაქტიკაში გამოცდა რაც შეიძლება მეტი ადმიანისგან პასუხის მიღებით კითხვაზე: თუ ამას ვაწარმოებთ ამ ფასად, თქვენ რამდენად დაინტერესდებოდით მისი შეძენით? ანუ, ბაზარმა უნდა განსაჯოს იდეა და არ არსებობენ ექსპერტები ბიზნესში.
 
- თუმცა თქვენ არაერთ ადამიანს დაეხმარეთ ბიზნესის აწყობაში...
 
- დიახ, რადგან მე მათ ვეხმარებოდი სწორი ნაბიჯების გადადგმაში და სწორი ნაბიჯია, არა მხოლოდ ის, რომ რაღაც შექმნა, არამედ ისიც რომ სანამ ბიზნესში ინვესტირებას დაიწყებ გაიტანო შენი პროდუქტი ბაზარზე, მიიღო უკუკავშირი და ამის საფუძველზე დაასკვნა, რომ მათ შენი პროდუქტი სჭირდებათ. ამის შემდეგ ჩემი მეთოდოლოგია გულისხმობს მონდომებული მეწარმეების გარემოცვას დამხმარე ადამიანებით. საჭიროა მინიმუმ ორკაციანი გუნდი, რომელშიც უნდა იყოს ადამიანი: ერთი, რომელიც პროდუქტს გაყიდის და მეორე, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებას აიღებს საკუთარ თავზე. ანუ, ამ ადამიანებმა უნდა გააკეთონ ის, რისი კეთებაც ანტერპრენერისთვის არამიმზიდველია.
 
- რას გულისხმობთ მეწარმის არამიმზიდველ საქმიანობაში?
 
- არასდროს შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მოსწონს შექმნა, გაყიდვა და ფინანსებზე ზედამხედველობა ერთდროულად. ამიტომ როდესაც ვხვდებით ადამიანს კარგი ბიზნეს იდეით ვეკითხებით მას: რისი კეთება გიყვარს? პროდუქტის შექმნა, მისი გაყიდვა თუ მასთან დაკავშირებული ფინანსების კონტროლი? ხშირად გვპასუხობენ რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი ისწავლონ, მაგრამ ვეუბნებით, რომ არა, ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ რა არის ის, რისი კეთებაც მას ყოველდღიურობაში სხვა ყველაფერზე მეტ სიამოვნებას მიანიჭებდა. როდესაც ამ ერთს ირჩევენ, ჩვენ ვპასუხობთ: კარგი, გააკეთე ეს და გახდი საუკეთესო ამის კეთებაში, მაგრამ გახსოვდეს, კომპანიას სჭირდება ვინმე, ვინც ამას გაყიდის და ვინც ფინანსებს მიხედავს, რადგან კომპანია გუნდია. არავის შეუქმნია ბიზნესი მარტოს. ბიზნესს მინიმუმ სამი ადამიანი სჭირდება.
 
- და თქვენ ეხმარებით მათ საჭირო ადამიანების პოვნაში?
 
- პირველ რიგში ვეხმარებით გაერკვნენ საკუთარ თავში და გაიგონ რისი კეთება სურთ გულწრფელად. ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი რამ, რაც მათთვის ყველა დანარჩენზე პრიორიტეტულია. ამის გარკვევის შემდეგ, თუ მათ არ იციან და ვერ იპოვიან დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც კომპანიისთვის ასევე საჭიროა, ჩვენ ვეხმარებით ასეთი ადამიანების მოძიებაში ჩვენი ქსელის გამოყენებით.
 
- როგორ?
 
- თითოეულ ჩვენგანს, მეწარმეობის ფასილიტატორს ჰყავს 50 კაციანი მეგობრების ჯგუფი, რომელიც იკრიბებიან ყოველთვიურად. ეს სავაჭრო პალატის კონფიდენციალურ შეკრებას ჰგავს. თუ მეწარმეობის ფასილიტატორს სურს ანტერპრენერის დახმარება მიდის შეხვედრაზე და სთხოვს მათ ურჩიონ ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც სცალიათ და შეუძლიათ დამწყები კომპანიისთვის იმუშაონ, რომელსაც შესაძლოა ჯერ არ აქვს ფული, მაგრამ ხელფასს დაუყოვნებლივ გადაიხდის, როგორც კი მოგებაზე გავა. ანუ, ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დამწყები მეწარმე არასოდეს დარჩეს მარტო.
 
- რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ დამწყები მეწარმეები არასოდეს დარჩნენ მარტო?
 
- მოდი წარმოვიდგინოთ, რომ გვინდა დავეხმაროთ სტარტაპებს, ამისთვის უნდა შეიქმნას ფასილიტაციის პროექტი, რომელიც ამ ჯგუფზე იმუშავებს. დაფინანსება შეიძლება წამოვიდეს განსხვავებული წყაროებიდან. მაგალითად, გვქონდა პროექტი ამერიკაში, რომელშიც ადგილობრივი 42 მსხვილი ინვესტორი გაერთიანდა, რადგან სურდათ მეტი ეკონომიკური აქტივობისთვის შეეწყოთ ხელი. ისინი უხდიდნენ ხელფასს ფასილიტატორს მხოლოდ იმაში, რომ ის ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს დახმარებოდა. ამიტომ ვამბობ, ეს შეიძლება იყოს სრულიად კერძო ან სრულიად საჯარო ინიციატივა, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ვინმე, ვისაც ექნება სურვილი დაეხმაროს ადგილობრივ ეკონომიკას ადგილობრივი ადამიანებისთვის ბიზნესის წამოწყებაში დახმარების გზით.

- როგორ შეიძლება მეწარმეობა პოპულარული გახდეს ქვეყანაში?

- შეუძლებელია ეს პოპულარული გახადო, შესაძლებელია მხოლოდ ამოიცნო პოტენციური მეწარმეები.

- როგორ?

- უბრალოდ უნდა გაჩუმდე და მოუსმინო.

- ვის?

- ყველას, ვისაც აქვს სწრაფვა იმისკენ, რომ რამე შექმნას და თუ ასეთი ადამიანები შენთან თავად არ მოდიან ეს იმის ბრალია, რომ პირობითად, გაქვს მაღაზია, რომელსაც თავზე აწერია „მოდი შევხვდეთ“, რომელშიც ცხადია არ მოვა არავინ, ვისაც თევზის ყიდვა უნდა. თუ არასწორი იმიჯი გაქვს ადამიანები შენთან არ მოვლენ.

- რა არის სწორი იმიჯი?

- სწორი იმიჯია, რომ გაჩუმდე და მოუსმინო, რასაც არც ერთი მთავრობა არ აკეთებს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ იციან რა არის სწორი ადამიანებისთვის, ქმნიან პროგრამებს და ცდილობენ მათ გავრცელებას. მე კი ვამბობ, რომ ძველმოდური მიდგომაა, როცა ექსპერტები თანხმდებიან იდეებზე და ცდილობენ ადამიანები ამ იდეების სისწორეში დაარწმუნონ. მე სწორედ იმიტომ მიწვევენ უამრავ ქვეყანაში, რომ ჩემი დევიზია, გავჩუმდე და მოვუსმინო ადგილობრივი ადამიანების იდეებს, სურვილებს, მისწრაფებებს. აღმოვაჩინო და ჩავწვდე მათ ხედვას. მაშინ როცა ათიოდე ექსპერტი რომ იკრიბება მთავრობაში და თანხმდება, როგორ განავითაროს ერი, ეს მიდგომა დასაწყისშივე მცდარია. მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიები არ დაგეგმილა მთავრობების მიერ, არავინ იცოდა მათი არსებობის შესახებ და დღეს მსოფლიოს უმდიდრეს კომპანიას, „ეფლს“ 800 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაცია აქვს. მე ვერ ვხედავ ქვეყნის განვითარების უკეთეს მეთოდს გარდა იმისა, რომ შეგეძლოს ქუჩიდან მოსული იდეების მოსმენა და პატივს სცემდე მათ. ამიტომ, მთავრობები უნდა დაინტერესდნენ: ვინ არიან პოტენციური მეწარმეები? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად ოცნებობენ საკუთარი იდეის განხორციელებაზე? სად არიან ისინი? დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს მაღაზია, რომელსაც ცხადად და გასაგებად აწერია: „მოდით ჩვენთან თუ გაქვთ იდეა! ჩვენ მოგაწვდით უფასო, კონფიდენციალურ, კომპეტენტურ, ხელმისაწვდომ კონსულტაციას“? ჩვენ ყველგან ასე ვიქცევით და ისინი მოდიან, ხოლო როცა მოდიან ისინი გვაოცებენ. არ გეგონოთ რომ ეს ადამიანები მხოლოდ უნივერსიტეტებიდან მოდიან, ისინი მოდიან არაჩვეულებრივი იდეებით ქუჩიდან. ჩემი ცხოვრების ბოლო 35 წელია ვეუბნები მთავრობებს, რომ ყოველთვის სათანადოდ შეაფასონ საკუთარი ხალხის ცოდნა და მისწრაფება.
უკან დაბრუნება
619ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი