შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.12.2015 | 18:23

საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა

კატეგორია: ეკონომიკა
საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მოხსნა. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ჰააგის კერძო საერთაშორისო სამართლის კონვენციის მუდმივმოქმედმა ბიურომ (HCCH) დაადასტურა, რომ აპოსტილის კონვენცია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა.
 
"გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ მინდობილობის დამოწმებას. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში.

თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური 50 ევროთი შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში.

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა", - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. 
უკან დაბრუნება
212ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი