ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
28.12.2015 | 12:19

საქართველო პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში

კატეგორია: ბიზნესი
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს საერთაშორისო კვლევებს და აფასებს ქვეყნებში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გარემოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საქართველომ ზოგიერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულში და ამას კარგად აჩვენებს საქართველოს წამყვანი რეიტინგი სხვადასხვა კვლევაში.
 
"აღსანიშნავია არაერთი ბიუროკრატული ბარიერის გაუქმებით/გამარტივებით მიღწეული წინსვლა. ამის ნათელი მაგალითია ბიზნესის რეგისტრაციის და საბაჟო პროცედურების სიმარტივე. თუმცა კვლავ რჩება პრობლემური მიმართულებები, რაც ნაწი¬ლობრივ მთავრობის და მთლიანად საზოგადოების არასაკმარისი ძალისხმევის, ხოლო ნაწილობრივ ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე დამკვირებული ჩვევებისა და ტრადიციების შედეგია. ქვეყანაში მწვავედ დგას კვალიფიციური მუშახელის არარსებობის პრობლემა, შეფერხებულია ინოვაციური ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა, დარღვეულია გენდერული თანასწორობა და სხვა“, - განმარტავენ ასოციაციაში.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უჩვენებს ინვესტორებს, თუ რა დონის რისკებთან არის დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელება ამ ქვეყანაში. სარეიტინგო კომპანიები აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რათა განსაზღვრონ შესაბამისი რისკის დონე. სამი უმსხვილესი სარეიტინგო კომპანია - Standard & Poor’s, Fitch და Moody’s აფასებს ქვეყნის, როგორც მსესხებლის უნარს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები კრედიტორების წინაშე. ამ სარეიტინგო კომპანიების შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეიტინგის გაუარესებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ქვეყნის მიერ სესხის აღება ფულად ბაზარზე. საქართველოს პოზიციები შემდეგნაირია - S&P – BB-; Fitch – BB-; Moody’s – Ba3.

მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. ეს ანგარიში ზომავს და ადარებს ადგილობრივი ბიზნესის რეგულირების ხარისხსა და ეფექტურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Ease of Doing Business 2016-ში, რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო 189 ქვეყნიდან 24-ე ადგილს იკავებს. წინა ანგარიშში საქართველო მე-15 ადგილზე იყო, თუმცა რეიტინგის გაუარესება შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებით აიხსნება. განახლებული მეთოდოლოგიით ხელახლა შეფასდა 2014 წლის მონაცემებიც და საქართველომ მე-15-დან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, წინა წელთან შედარებით, წელს საქართველოს რეიტინგი არ შეცვლილა.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი უკვე 20 წელია ყოველწლიურად ქვეყნდება The Wall Street Journal-ში The Heritage Foundation-ის კვლევის საფუძველზე. 2015 წლის ანგარიშში საქართველო 22-ე ადგილს იკავებს (178-დან) 73.0 ქულით და „უმეტესად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფშია. ხოლო ევროპის რეგიონში არსებული 43 ქვეყნიდან საქართველო მე-11 ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა გაზრდილია 0.4-ით, კორუფციისაგან თავისუფლების, ბიზნესის თავისუფლებისა და სახელმწიფო დანახარჯების სფეროებში გაუმჯობესების შედეგად. ამასთან, გაუარესებულია შრომის თავისუფლებისა და ფისკალური თავისუფლების დონე.

Global Competitiveness Index 2015-2016 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიშში შეფასებულია ბიზნესგარემო და კონკურენტუნარიანობა სხვადასხვა ქვეყანაში. ეკონომიკაში მიმდინარე ძირეული პროცესები: ვალუტის გაუფასურება, სასაქონლო ფასების მერყეობა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, უსაფრთხოების პრობლემები – ეს ყველაფერი გათვალისწინებულია რეიტინგის დათვლისას. 2015-2016 წლის ანგარიშში, რომელიც 2014 წლის მონაცემებს ემყარება, საქართველო 66-ე ადგილს იკავებს (140-დან) და მისი სარეიტინგო ქულაა 4.22 (7-დან). წინა წელთან შედარებით ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესებულია 3 პუნქტით. თუმცა ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ წინა წლის ანგარიშში გამოკვლეული რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ანგარიშში აღარ მონაწილეობს. მათ შორის არის პუერტო რიკო და ბარბადოსი, რომლებიც რეიტინგით საქართველოს უსწრებდნენ. ამ ქვეყნების სარეიტინგო სიიდან ამოვარდნამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას.

Travel and Tourism Competitiveness Index 2015 მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტულობის ინდექსი ზომავს იმ ფაქტორების ეფექტურობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას და ხელს უწყობენ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ანგარიში ქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2 წელიწადში ერთხელ. 2015 წლის რეპორტში საქართველო 71-ე ადგილზეა (141-დან) 3.68 ქულით.

The Networked Readiness Index 2015 ქსელური მზაობის ინდექსი ქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და INSEAD-ის ანგარიშში გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების შე¬სახებ. ეს ინდექსი აფასებს ქვეყნაში არსებულ ფაქტორებს, პოლიტიკასა და ინსტიტუტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, სრულად იყოს გამოყენებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კონურენციისა და კეთილდღეობის გასაზრდელად. ქსელური მზაობის ინდექსი გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორი პირობებია ბაზარზე და რამდენად განვითარებულია კავშირი მსოფლიოსთან. 2015 წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტხელმისაწვდომობის კუთხით ზრდადი ტენდენციები შენარჩუნებულია. თუმცა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

The Global Innovation Index 2015 გლობალური ინოვაციის ინდექსი მზადდება Cornell University, INSEAD და WIPO4 -ს მიერ. ეს ინდექსი ზომავს ქვეყნის ინოვაციურ შესაძლებლობებს სხვადასხვა ჭრილში. 2015 წლის ანგარშში ინდექსი აფასებს 141 ქვეყანას, რომლებიც ერთად მსოფლიო მშპ-ის 98.6%-ს ქმნიან. ანგარიშის თანახმად, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური განსხვა¬ვება მცირდება. საქართველო ერთ-ერთია იმ 11 ქვეყანას შორის, რომელთა სარეიტინგო ქულა მნიშვნელოვნად მაღალია მათ მშპ-თან შედარებით და, ასევე, შეფასების არაერთ კატეგორიაში უსწრებენ მათი შემოსავლის ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს. ამას გარდა, სხვა მრავალ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებზე არსებული დაბალი საგადასახადო წნეხი დამატებით უწყობს ხელს ამ სფეროს განვითარებას. მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადამიანური კაპიტალისა და კვლევის, ინსიტიტუტების და განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულება. თუმცა, განათლებისა და კვევითი მიმართულებების ხარისხის გაუმჯობესება კვლავ დიდ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.

The Fund for Peace-ის მიერ ყოველწლიურად მზადდება არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსი, რომელიც აანალიზებს პოლიტიკურ რისკს, რათა წინასწარ გააფრთხილოს პოლიტიკოსები და მთლიანად საზოგადოება შესაძლო კონფლიქტის შესახებ. ეს ინდექსი ზომავს სტაბილურობის ან არსებული დაძაბულობის დონეს ათასობით ანგარიშებისა და სტატიების საფუძველზე გამოთვლილი რისკის ინდიკატორების საშუალებით. 2015 წლის რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილს იკავებს (178-დან) 79.3 ქულით.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 1990 წლიდან პერიოდულად ითვლის ჰუმანური განვითარების ინდექსს, რომელიც მოცემულია ჰუმანური განვითარების ანგარიშში. ჰუმანური განვითარების ინდექსი არის განვითარების ძირითადი საკითხების, ტენდენციებისა და პოლიტიკის დამოუკიდებელი და ემპირიული ანალიზი. იგი ეყრდნობა ისეთ ძირითად მაჩვენებლებს, როგორიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლება და ცხოვრების დონე. 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის და ჰუმანური განვითარების ინდექსით 0.754 მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებს შორის ხვდება.

სოციალური პროგრესის ინდექსი პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა6 Social Progress Imperative-ის მიერ. ეს ინდექსი ზომავს მხოლოდ რეალურ შედეგებს და არა იმას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო. მაგალითად, ქვეყანაში ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მაგივრად გამოიყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის ანალიზი. 2015 წლის რეიტინგში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს 133 ქვეყნიდან.
უკან დაბრუნება
818ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი