ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.01.2016 | 11:34

საქართველოში ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი თბილისია - ინვესტიციების 78 პროცენტი დედაქალაქზე მოდის

კატეგორია: ეკონომიკა
წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოში 1019.0 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
 
აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი (38.5%), ნიდერლანდები (14.2%) და თურქეთი (10.8%). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.1% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, ხოლო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავ თბილისია (78.0%).
2015 წლის პირველ სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.3%-ით არის შემცირებული 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებლის კლება ფიქსირდება პირველ და მესამე კვარტლებში (-43.4%; -32.6%), ხოლო მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (80.8%).

ამავე პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. მათ შორის, პირველ კვარტალში მშპ 3.2%-ით, ხოლო მეორე და მესამე კვარტლებში 2.5%-ით გაიზარდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: აზერბაიჯანი (38.5%; 392.0 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდები (14.2%; 144.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (10.8%; 110.4 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (8.4%; 85.7 მლნ. აშშ დოლარი) და ლუქსემბურგი (6.1%; 62.3 მლნ. აშშ დოლარი). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის სტრუქტურისგან. 2014 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, ხუთეულში შედიოდა ჩინეთი (14.1%, 174.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (13.3%, 164.1 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო არ შედიოდა თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

ამ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აზერბაიჯანიდან (55.3%), თურქეთიდან (64.8%) და გაერთიანებული სამეფოდან (96.3%) გაზრდილია, ხოლო ნიდერლანდებიდან (-49.0%) და ლუქსემბურგიდან (-28.5%) შემცირებული, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესიტიების ყველაზე დიდი რაოდენობა (172.7 მლნ. აშშ დოლარი და 55.4 მლნ. აშშ დოლარი შესაბამისად) დაფიქსირდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (56.1%), მშენებლობა (11.0%), საფინანსო საქმიანობა (10.8%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.6%), სასტუმროები და რესტორნები (4.4%) და დანარჩენი სექტორები (11.1%). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის სტრუქტურისგან, რომელშიც საფინანსო სექტორისა და სასტუმროებისა და რესტორნების ნაცვლად ხუთეულში შედიოდა უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორები 14.1% და 12.4%-იანი წილით.

2015 წლის სამ კვარტალში, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში (74.9%), ასევე ამ სექტორის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (29.6% პუნქტი). აღნიშნული მაჩვენებელი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და 2015 წლის აღნიშნულ პერიდში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა საფინანსო სექტორში (29.6-ჯერ), ხოლო მშენებლობის სექტორში შემცირდა (-47.5%).

PMCG
 
უკან დაბრუნება
365ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი