შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 17:40

სემეკი რუსთავის წყალს პასუხობს: ვალდებულებების შეუსრულებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევა იქნება

კატეგორია: ბიზნესი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს "რუსთავის წყალისათვის" დადგენილი ტარიფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სემეკში განმარტავენ, წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის" საფუძველზე, 2015 წლის 26 ნოემბერს შპს „რუსთავის წყლისათვის“ დადგენილ წყალმომარაგების ტარიფებში კომისიამ წინასწარ ასახა კომპანიის მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო ხარჯები, რათა კომპანიას უზრუნველეყო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
 
„გათვალისწინებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, შპს "რუსთავის წყალი" ვალდებულია 2016 წლის განმავლობაში განახორციელოს 1 685.169 ლარის ინვესტიცია (დღგ-ს გარეშე) და უზრუნველყოს მომხმარებელთა უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი წყალმომარაგება.

კომისიამ შპს „რუსთავის წყლისათვის“ დადგენილ წყალმომარაგების ტარიფებში, საინვესტიციო გეგმასთან ერთად, გაითვალისწინა ყველა სხვა გონივრული ხარჯი, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებელ განხორციელებას, პირველ რიგში, მომხმარებელთა ხარისხიან მომსახურებას. კომპანიის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობა განხილული იქნება სალიცენზიო პირობების დარღვევად. პროცესს მკაცრ მონიტორინგს გაუწევს კომისია და კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "რუსთავის წყლის" მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკის მიერ დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას ქ. რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.

"სემეკის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად "რუსთავის წყალი" წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს.

კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი - ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება.

ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან შეაფერხებს ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უკან დაბრუნება
175ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი