ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 13:24

თამარ კორძაია: ნაადრევ ქორწინებებზე ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს

კატეგორია: კანონმდებლობა
კანონპროექტი, რომელიც 18 წლამდე ადამიანებს ქორწინებას უზღუდავს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს. გადაცემა "საქმიან დილაში" კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში რეალური ანალიზი, თუ რას იწვევს ნაადრევი ქორწინება არ არსებობს, მისივე თქმით არ არის სრულყოფილი სტატისტიკაც. 
 
"რეალურად მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად მძიმეა. არ მინდა მხოლოდ გოგონებზე გავამახვილო ყურადღება. იმიტომ, რომ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი ვაჟებიც ქორწინდებიან. ეს დამანგრეველია, როგორც გოგოსთვის, ასევე ვაჟისთვის. უბრალოდ უფრო ხშირი შემთხვევებია, როდესაც ეს გოგონებს ეხება. ეს სტატისტიკა ძალიან მძიმეა და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არავითარი სერიოზული ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რას იწვევს ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა. განქორწინებების შემთხვევაში ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს, - რამდენია სწორედ განპირობებული იმით, რომ ნაადრევი ქორწინების შედეგად მოხდა", - აღნიშნავს თამარ კორძაია.

ნაადრევად ქორწინების ყველაზე უარყოფით შედეგად, კანონპროექტის ავტორი, არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევას ასახელებს. მისივე თქმით, მსოფლიოში 18 წლამდე ადამიანი ბავშვად ითვლება, რადგან მას ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპი დასრულებული არ აქვს. 

"ყველაზე მთავარი უარყოფითი შედეგი ის არის, რომ არასრულსწლოვანს ყველა უფლება ერღვევა. როდესაც ჩვენ  ბავშვთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში წინააღმდეგობაზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ კონვენცია 18 წლამდე ადამიანს ბავშვად მიიჩნევს, იმიტომ რომ ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური განვითარების დასრულების ეტაპზე არ არის. 18 წლის შემდეგ ის ყველანაირი თვალსაზრისით განვითარებულია და მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და გაცნობიერება თუ რას აკეთებს. ეს აღიარებულია მსოფლიოში. კონვენცია ამბობს, რომ ბავშვი მონაწილე სახელმწიფოებმა, ყველანაირი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სხვა ტიპის ძალადობისაგან უნდა უზრუნველყონ. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თითოეული მისი მოქალაქე დაიცვას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
უკან დაბრუნება
400ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი