ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 11:21

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს

კატეგორია: მსოფლიო
თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს. ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მაჰირ უნალი აცხადებს. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იანვრიდან ნოემბრამდე თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლებია. საერთო ჯამში თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 1.4 პროცენტით შემცირდა. თუმცა, როგორც მინისტრი მაჰირ უნალი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ ანტალიაში აპრილიდან ოქტომბრამდე დაგეგმილი გამოფენა „ექსპო“ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს გაზრდის, რაც რუსი ტურისტების ერთგვარი კომპენსირება იქნება. მისივე განცხადებით, ანკარა მზადაა ევროპული ტუროპერატორების და ავიაკომპანიების მუშაობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმისათვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს ქვეყანამ.

თურქეთში რუსი ტურისტების რიცხვი მას შემდეგ შემცირდა, რაც მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. კერძოდ, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოდგება გახდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. მომხდარის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.
უკან დაბრუნება
181ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი