შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.01.2016 | 10:36

ზვიად ხორგუაშვილი: საარსებო მინიმუმი საქართველოში ძალიან დაბალია

კატეგორია: ეკონომიკა
ინტერვიუ ეკონომისტ, ზვიად ხორგუაშვილთან.
 
- საარსებო მინიმუმი დღემდე, 2003 წელს დადგენილი მეთოდოლოგიით ითვლება, რამდენად არის პერსპექტივაში შესაძლებელი, რომ ეს მეთოდოლოგია შეიცვალოს?

- ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არის. მეთოდოლოგიის განახლება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ის მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ეს პრაქტიკა თითქმის ყველგან გამოიყენება, ყველგან ასე ითვლება, ანუ ჩვენ არ გვაქვს მოძველებული მეთოდოლოგია.

- პრობლემა რაშია?

- პრობლემა რამდენიმეა. პირველი პრობლემა არის ის, რომ საარსებო მინიმუმამდ ყველას ერთნაირი თანხა არ სჭირდება. არიან ადამიანები, ვისაც მეტი და პირიქით ნაკლები სჭირდებათ. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის პირველი პრობლემა არის ის, რომ ფიქსირებული თანხის მიხედვით ამბობენ, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და მეორე პრობლემა ისაა, რომ ზოგადად საარსებო მინიმუმი საქართველოში ძალიან დაბალია.

- დათვლის მეთოდოლოგია რამდენად მისაღებია?

- ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. ყველა ქვეყანაში კამათი მიმდინარეობს, თუ რამდენად სწორად ითვლება საარსებო მინიმუმი. რა თქმა უნდა, განვითარებულ ქვეყნებს თუ ავიღეთ, იქ საარსებო მინიმუმი მაღალია, იმის გამო, რომ უბრალოდ ჩვენზე მდიდრები არიან და კიდევ იქ ფასების სულ სხვა დონეა. ჩვენი მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმი დროთა განმავლობაში გაიზრდება, როდესაც, რა თქმა უნდა, ფასების მატება იქნება. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი უკვე 165 ლარზეა ასული. ეს პრობლემა რომ უცებ მოგვარდეს, ეს შეუძლებელია. ზოგადად პრობლემის მოგვარება დევს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად გაიზარდოს ეკონომიკურად, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს და მეტი ადამიანი გამდიდრდეს იმისთვის, რომ მსგავს პრობლემებზე აღარ იყოს დავა.

ნებისმიერ მოქალაქეს რომ ვუთხრათ, რომ საარსებო მინიმუმი თვეში 162 ლარი არის და აქ ყველაფერი შედის, მათ შორის საცხოვრებელი, ტრანსპორტირება, კვება და ა.შ. ღიმილის მომგვრელია. ეს თანხა ძალიან ცოტაა, თუმცა ზრდა ბოლო წლის მანძილზე ჩემი აზრით, საკმაოდ ადეკვატურია. პროპორციულად გაიზარდა დაახლოებით ისე, როგორც ფასები იზრდებოდა. ნოემბრის თვეში ფასები საშუალოდ 6,3 %-ით გაიზარდა, თუმცა, წლიურმა ინფლაციამ 4,9 % შეადგინა და ბოლო წლის მანძილზე საკმაოდ პროპორციულად იზრდებოდა და ბოლო ვერსია საკმაოდ მაღალია იმ ზრდას შორის, რაც საარსებო მინიმუმი გაიზარდა ინფლაციის პირობებში. ზოგადად წინა წლებს თუ გადავხედავთ, აქ შესაძლებელია კითხვის ნიშნები დაისვას.

- რეგიონების მიმართულებით როგორ ხდება?

- რეგიონებსა და თბილისში სხვდასხვაა საარსებო მინიმუმი. რეგიონებში ფასების დონე უფრო დაბალია და შესაძლებელია, რომ ფულადი შემოსავლებიც უფრო დაბალი იყოს. რაც შეეხება გამოსავალს, ეს როგორ უნდა მოხდეს, ჩემის აზრით, სახელმწიფო პროექტები, რომელიც თითქოს ეკონომიკის სტიმულირებას იწვევს, ვფიქრობ, ეკონომიკის სტიმულირებას საერთოდ არ ახორციელებს. ერთადერთი გამოსავალია იმაში, რომ რაც შიძლება მეტი გასაქანი მივცეთ ბიზნესს, კერძო ინტერესებს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებსაც, ეკონომიკურ ზრდასაც. მთავრობის ადგილი, რაც უფრო ნაკლები იქნება ეკონომიკაში, მით უფრო მაღალი გვექნება ეკონომიკური ზრდა. ამიტომ, განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც ბევრ პროექტს ვაკეთებთ და ადამიანებს ვაიძულებთ კიდევ დარჩნენ იმ სექტორში, სადაც დასაქმებულები არიან, აგრარულ სექტორს ვგულისხმობ, სადაც 40% -ი ძალით არის დასაქმებული. ასეთი რამ მხოლოდ ძალიან განუვითარებელ ქვეყნებში, აფრიკის ქვეყნებში ხდება.

- რამდენად მიგაჩნიათ, რომ სამუშაო ადგილები მომდევნო წლებში გაიზრდება და ეს რეალურად საარსებო მინიმუმზე აისახება?

-ეს არ არის მოკლე ვადაში გადასაჭრელი პრობლემა, ასე არსად არ ყოფილა. ერთადერთი გამოსავალი იმაშია, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შემდეგ დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, კიდევ მეტ ადამიანს დაასაქმებს და იმ იძულებითი სამუშაო ადგილებიდან კარგ სამუშაო ადგილებზე წამოიყვანს.
უკან დაბრუნება
625ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი